აკაკი სიხარულიძე – ფიქრები ეროვნული თანხმობის თემაზე
1998 წელი იდგა. ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის (ყოფილი ჟურნალისტთა კავშირის) თავმჯდომარე გახლდით, იმ ორგანიზაციისა, რომელიც არასოდეს, არცერთი თეთრით არ დაფინანსებულა სახელმწიფოსგან. ამითაც ჩვენ კოლეგა კავშირებისგან განვსხვავდებოდით, რადგან დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ უნდა ხელი აგვეღო ნეიტრალიტეტზე და სახელმწიფოს მხარე იძულებით დაგვეკავებინა. ეს კი არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და არც საერთაშორისო სათავო ფედერაცია შეგვინარჩუნებდა თავის რიგებში.
პირადი კონტაქტებით (90-იანების ურთულეს პერიოდში) ვახერხებდი სპონსორების მოძიებას, რომელთა შემოსავლებითაც ფინანსდებოდა სოციალური პროექტები, სხვადასხვა ღონისძიებები, შენობის კომუნალური გადასახადები, თანამშრომელთა ხელფასები და სხვა.
ამ წელს გალში ჩატარდა საცხენოსნო სპორტის ტრადიციული სანახაობა – მარულა. როგორც მაშინ პარლამენტის დეპუტატმა, ჩემმა მეგობარმა გერმანე ფაცაციამ მითხრა, ღონისძიებას მასთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტართა ჯგუფი. ამ სპორტული სანახაობის შემდეგ, რომელიც განსაკუთრებული ემოციურობით მიმდინარეობდა, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერებმა ქართველთა და აფხაზთა ინტეგრაციის გამოვლინებად მიიჩნიეს და სწორედ ამიტომ გამშვები პუნქტი ენგურის ხიდთან გადმოიტანეს. ამ ფაქტმა ისედაც აღშფოთებული ქართველობა კიდევ უფრო აღაშფოთა. ქვეყანაში არსებული მრავალი სერიოზული პრობლემის (ტერიტორიული მთლიანობა, ლტოლვილთა პრობლემები, უშუქობა, მწვავე ეკონომიკური კრიზისი პოსტ-საბჭოთა მოვლენების ფონზე) ირგვლივ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას დიამეტრალურად განსხვავებული, პრინციპული მოსაზრებები ჩამოუყალიბდა და მოხდა მისი მკვეთრი პოლარიზაცია. რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე ბაკურ გულუასთან ერთად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომელიც გააერთიანებდა იმ დროს მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოქმედებითი ინტელიგენციის გარკვეულ წარმომადგენლებს. ყოველივე ეს მრავალთათვის, დასაწყისში ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. შემდგომში, მართლაც განცვიფრებას იწვევდა ერთ ოთახში, ერთ მაგიდასთან გვერდიგვერდ მჯდარი, მაგალითად მიხეილ მაჭავარიანი, ნოდარ ნათაძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, გიგა არველაძე, აკაკი ასათიანი, შოთა ნიშნიანიძე და სხვა მრავალი….
ორკვირიანი სატელეფონო კავშირებისა თუ პირადი შეხვედრების შემდეგ, მე და ბაკურმა ეს შევძელით. მახსენდება, როგორ გაგვიჭირდა ვახტანგ ბოჭორიშვილის დაყოლიება: რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ ვეახელით ინფექციურ საავადმყოფოში, უარით გამოსტუმრების შემდეგ კვლავ შევხვდით და კვლავ ავუხსენით, რა მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა ამ დარბაზისთვის და აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის. ასევე გაჭირდა შოთა ნიშნიანიძის (ყველაზე ნეიტრალური თვალსაჩინო პოეტის) დათანხმება ეროვნული თანხმობის დარბაზის საპატიო თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. ეროვნულ შერიგებაზე, თანხმობაზე ჯერ კიდევ 1995 წელს იწერებოდა გაზეთ „სამშობლო ფორტე“ -ს ერთ-ერთი ნომერი (დამფუძნებელი – ნუგზარ ფოფხაძე), რასაც გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა იმდროინდელ პრესაში, მაგრამ მალევე ჩაქრა ეს იდეა.
მოკლედ, ეროვნული თანხმობის დარბაზი შედგა. პირველ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 18 პოლიტიკური პარტია. მათ გავაცანით დარბაზის მნიშვნელობა, მიზნები და ამოცანები, რომ ერთად, ურთიერთშეთანხმებით, სერიოზულ არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა გადაგვეწყვიტა სხდომაზევე მიღებული დღის წესრიგით განსაზღვრული, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა: მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებები და აქედან გამომდინარე საჭირო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, ადმინისტრაციული საზღვრები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, საარჩევნო საკითხები, მათ შორის დარბაზის წარმომადგენლის ცესკოში დანიშვნა და სხვა მრავალი. თითოეულ საკითხს მსჯელობებისა და გადაწყვეტილებებისთვის სჭირდებოდა სამი, ოთხი, ხან მეტი სხდომა. შემდეგი სხდომის დღის წესრიგიც ამავე სხდომაზე შეთანხმებით და კენჭისყრით მტკიცდებოდა. ვინ იქნებოდა მომხსენებელი, ამასაც მაგიდასთან ვწყვეტდით. უფრო ხშირად ამ მისიას თქვენი მონა-მორჩილი ასრულებდა. სხდომები ყოველკვირეული იყო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გარკვეული დროის შემდეგ აღვადგინეთ ეროვნული თანხმობის დარბაზის ფუნქციონირება. გვყავდა მრავალი მხარდამჭერი, კეთილად განწყობილი, თითო-ოროლა ხელისშემშლელიც, კარის გამჯახუნებელიც, ამრევიც, ერთი-ორი მოგზავნილ-შემოგზავნილიც არ მოგვკლებია.
საკმაოდ რთულმა, მძიმე შრომამ ნაყოფი გამოიღო – დავდეთ საკმაოდ სქელტანიანი გადაწყვეტილებათა პაკეტი, რომელიც ვაახლეთ ჯერ საქართველოს პარლამენტს (ზურაბ ჟვანია), შემდეგ კი პრეზიდენტს – ედუარდ შევარდნაძეს.
პაკეტში წარმოდგენილი 14 საკითხიდან გათვალისწინებული და მიღებულ იქნა 12 საკითხი – დაწყებული 1991-1992 წლების მოვლენების პოლიტიკური შეფასებიდან, დამთავრებული ცესკო-ში დარბაზის წარმომადგენლის დანიშვნით.
ყველა დეტალს, რა თქმა უნდა, ვერ და არ მოვყვები, თუმცა, ერთი რამ გაბედულად შემიძლია ვთქვა: იმ პერიოდში პოლიტიკური კლიმატის შემქმნელი 18 პოლიტიკური პარტიიდან, მიუხედავად ყველაფრისა, თითქმის ყველამ შეძლო, გვერდზე გადაედო მოჭარბებული ამბიციები, ურთიერთვერატანა და დაპირისპირება, ზოგჯერ საკუთარ მოსაზრებებსაც თმობდნენ სხვათა არგუმენტირებული მოსაზრებების გამო. გადაწყვეტილებები მიიღებოდა სახელმწიფოსთვის, ზოგისთვის კი – სამშობლოსთვის რა აჯობებს პრინციპებიდან გამომდინარე.
დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, პოლარიზება მინიმუმ შესამცირებელია, ილუზიები არ მაქვს, მითუმეტეს ეროვნული თანხმობის საკითხებზე მომუშავე , მედიაციის გამოცდილების მქონეს, სრული ეროვნული თანხმობა, თუნდაც რამდენიმე პრინციპულ საკითხზე – ურთულესი მისაღწევია, მაგრამ სასწრაფოდ დასაწყებია.
წყარო: reportiori.ge