თენგიზ შარმანაშვილი – ევროპას ბოიკოტი ჩვენ კი არ გამოვუცხადეთ, „ევრონესტმა“ გამოუცხადა საქართველოს ბოიკოტი

„ევროპას ბოიკოტი ჩვენ კი არ გამოვუცხადეთ, „ევრონესტმა“ გამოუცხადა საქართველოს ბოიკოტი,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატიას თავიანთი რევოლუციური პროცესების აგორების დასახული გეგმა აქვთ და ისინი ამას ნებისმიერ სიტუაციაში განახორციელებენ.

„არ გეგონოთ, რომ ევრობიუროკრატია რაიმე ნაბიჯებს უყურებს. მათ თავიანთი რევოლუციური პროცესების აგორების დასახული გეგმა აქვთ და ისინი ამას ნებისმიერ სიტუაციაში განახორციელებენ. ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით, რადგან ვიცოდით მათი დამოკიდებულებები და განწყობები. ევროპას ბოიკოტი ჩვენ კი არ გამოვუცხადეთ, „ევრონესტმა“ გამოუცხადა საქართველოს ბოიკოტი. ვიდრე სომხეთში ამ ბოლო შეხვედრას ჩაატარებდნენ, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისე მიიწვიეს, ამით უკვე ნათელი იყო, რის გაკეთებას აპირებდნენ. შემდეგ ეს უსამართლო და სკანდალური რეზოლუცია მიიღეს. ასე რომ, ისინი სიმართლისა და სამართლიანობის ბოიკოტირებას ახდენენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი რეაქცია საპასუხო იყო.

ევრობიუროკრატია საქართველოსთან მიმართებით ან თავის ან სხვის მიერ ჩატარებულ რეიტინგებს აქვეყნებს და ყველა პარამეტრში ლიდერები ვართ. თან ამავე დროს აცხადებენ, რომ დემოკრატიის უკუსვლა არისო, ამიტომ ასეთი ადამიანებისგან რა სამართლიანობას უნდა ელოდო. ჩვენ არ ველოდებით არანაირ სამართლიანობას, არ იფიქროთ „ევრონესტზე“ განცხადება რომ არ გაგვეკეთებინა, უკეთეს რეზოლუციებს მიიღებდნენო. არა, რა თქმა უნდა, ესენი დესტრუქციული ელემენტები არიან. ვიდრე 4 ოქტომბერი დადგებოდა, მათი სპიკერი აქციას სოლიდარობას უცხადებდა და როდესაც პრეზიდენტის სასახლის აღება მიმდინარეობდა და ცეცხლს აჩენდნენ, მაშინაც თანადგომას უცხადებდნენ. ასეთი ადამიანებისგან, თუ რაიმე საღი აზრი გაქვს, კარგს რას უნდა ელოდო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები