როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი და რა სხვაობაა ანტიგენსა და PCR – ტესტს შორის

როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი, რა სხვაობაა ანტიგენის და  „პჯრ ტესტს“ შორის, რომელი ტესტია უფრო სანდო? -ამ და სხვა კითხვებს მოლეკულურ – გენეტიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „რეიგენის“ თანადამფუძნებელი რამაზ მარღიშვილი უპასუხებს.

-კოვიდთან მიმართებაში, ძირითადად, 3 სახის ტესტი არსებობს. ეს არის ანტისხეულების, ანტიგენის და ე.წ. პჯრ ტესტი.

ანტისხეულების ტესტით ჩვენ ვზომავთ სხეულში ანტისხეულების არსებობას, ანუ ამ ტესტის შედეგად ჩვენ ვიგებთ, პაციენტმა გადაიტანა თუ არა კოვიდინფექცია. თუმცა  ეს ტესტი, გარკვეულწილად, არასპეციფიკურია, ის არ ზომავს უჯრედული იმუნიტეტის სტატუსს, რაც მნიშვნელოვანი და საკვანძოა „კოვიდ – 19“-ით დაავადების დროს.

ანტიგენის ტესტი (სწრაფი ტესტი)  ადასტურებს სხეულში ვირუსის არსებობას, ოღონდ იმ ფაზაში, როცა გამომწვევს ინკუბაციის პერიოდი უკვე განვლილი აქვს  და ამ შემთხვევაში ანტიგენ-ანტისხეულის რეაქცია სხეულში უკვე არსებობს. ეს უფრო სკრინინგული პროცესია, ვიდრე – დიაგნოსტიკური.

სწრაფი ტესტის მგრძნობელობა, თუ ის დაავადების მიმდინარეობის სწორ ფაზაშია გაკეთებული, არის 90%, მაგრამ დაავადების პირველ ნაწილში, მინიმუმ 72 საათში ან ცოტა უფრო მეტ დროში, ის ვერ ახდენს დაავადების იდენტიფიცირებას.

„პჯრ ტესტი“ (PCR ტესტი)  არის  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის ე.წ. რნმ-ის არსებობას ცხვირ – ხახის ნაცხში. ანტიგენისგან განსხვავებით, მას აქვს ძალიან დიდი მგრძნობელობა. შესაბამისად, პჯრ-ტესტი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დაინფიცირებიდან რამდენიმე საათში გავიგოთ ინფექციის არსებობა სხეულში. ისიც კი შეგვიძლია შევიტყოთ, სხეული იტვირთება ინფექციით თუ პირიქით, ახდენს განტვირთვას.

– თუ ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, როდის უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი?

– ადამიანმა სწრაფი ტესტი უნდა გაიკეთოს მაშინ, როცა არსებობს მინიმუმ სამი სიმპტომის თანხვედრა. ესენია: თავის ტკივილი, ზოგადი დაუძლურება და ტემპერატურის არსებობა. ეს ნიშნავს, რომ სხეულში უკვე მიმდინარეობს პროცესი და ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სწრაფი ტესტი დაადასტურებს ვირუსს. ამ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ ტესტმა არაფერი აჩვენოს, რაც „პჯრ“-ის შემთხვევაში არ ხდება – შეიძლება ვირუსის დაწყების პერიოდში სიმპტომი არ გქონდეთ, მაგრამ „პჯრ ტესტი“ აუცილებლად აღმოაჩენს მას. თუმცა, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, „პჯრ“-ის გაკეთება რეკომენდებულია კონტაქტიდან 72 საათში.

თუ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა კოვიდიან პაციენტთან და მას ჯერ არანაირი ნიშნები აქვს, მაშინ კონტაქტიდან მინიმუმ 5 დღე მაინც უნდა იყოს გასული, რომ სწრაფმა  ტესტმა შედეგი მოგცეთ.

– ხშირად საუბარია ვირუსის სხვადასხვა შტამზე, შეიძლება თუ არა „პჯრ ტესტით“ განისაზღვროს, ვირუსის რომელი შტამითაა ადამიანი ავად?

–  „პჯრ“ –  არ არის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, ეს არის კვლევის მეთოდი. ჩვენ როდესაც ტესტით ვადასტურებთ ინფექციის არსებობას, მერე სხვა სადიაგნოსტიკო ნაკრებით  შეგვიძლია ვირუსის ფენოტიპირებაც გავიგოთ – კონკრეტულად რომელი ტიპის შტამით არის ინფიცირებულ პაციენტი, თუმცა ამ შემთხვევაში ერთდროულად მსგავსი რამის გაკეთება არ ხდება.

– ტესტის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აფთიაქში. საკმარისია თუ არა ტესტის ინსტრუქცია სწორი ტესტირებისთვის და რამდენად სანდოა სახლში გაკეთებული ტესტის პასუხი?

– საკმარისია მივყვეთ ინსტრუქციას, თუმცა დიაგნოსტირებისთვის არაა საკმარისი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის შუქურასავით, რომელიც გეუბნებათ, რომ ამ მიმართულებით უნდა წახვიდეთო. შეიძლება ტესტმა დადებითი პასუხი გიჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ კოვიდით ხართ ავად. ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევა, ჩვენც გვქონდა… ნებისმიერ შემთხვევაში, სწრაფი ტესტით დადასტურებული შემთხვევა აუცილებლად უნდა გადამოწმდეს „პჯრ“-თი, რადგან ის უფრო სანდოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები