საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს ელჩს მოუსმინეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას მოუსმინეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საელჩო, რომელიც აკრედიტებულია ანკარაში ფარავს ასევე ალბანეთს, ბოსნიას, ალჟირს, მავრიტანიას და სუდანს.
მომხსენებელმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობაზე. „თურქეთი არის არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი არამედ, სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულმხურვალედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც არა ერთხელ დაუდასტურებია, ნებისმიერი ფორმატით თავყრილობის დროს. არ არსებობს ღონისძიება, სადაც მათ არ გამოუთქვამთ პოზიცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან და ჩვენი ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. მომხსენებელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურად ურთიერთობებზე, განხორციელებულ ვიზიტებზე და მის შედეგებზე ისაუბრა. მოხსენებისას, ელჩმა ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ მხრივ მიღწეული პროგრესი აღნიშნა. გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო დარგში, განათლების და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და ამ კუთხით თურქეთის მიერ გაწეული დახმარება აღინიშნა. მოხსენების დასრულების შემდგომ სხდომა დახურულ კარს მიღმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ელჩმა მიმოიხილა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. საუბარი იყო როგორც სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე. შევეხეთ თურქეთის ხედვებს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბალკანეთის ქვეყნებთან, მათ შორის, ალბანეთთან და ბოსნია – ჰერცოგოვინასთან ურთიერთობაზე. ალბანეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. დეპუტატების მხრიდან იყო ბევრი შეკითხვა და ელჩმა ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა როგორც ქართულ-თურქულ ასევე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. რეგიონულ ჭრილში, ძალიან კარგად დავინახეთ თურქეთის როლი”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღესვე, სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტიც განიხილეს.