,,სურვილი მაქვს დავრჩე აკადემიურ სფეროში და შევძლო მიღებული ცოდნის ქართველი სტუდენტებისთვის გაზიარება’’ – სალომე ზურაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი

მიმდინარე წელს გავხდი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის – “Stipendium Hungaricum-ის“ გამარჯვებული, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამაზე, – ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი სალომე ზურაშვილი აცხადებს.

“ჩემთვის პრიორიტეტული იყო სწავლის გაგრძელება ისეთ ადგილას, სადაც მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენებას თავისუფლად შევძლებდი და ყოველივე ეს დაკავშირებული არ იქნებოდა კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფოებრივ წყობასთან, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და ბიოსოციალურ გარემოსთან.

სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო დებრეცენის უნივერსიტეტი ჩემს ერთადერთ არჩევანს წარმოადგენდა. გზა, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გავიარე, არ მოიცავდა მხოლოდ სხვადასხვა საკონკურსო ეტაპს. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა განაპირობა ცოდნამ და გამოცდილებამ, რომლის მიღებაც ორი წლის განმავლობაში საქართველოში იმავე ფაკულტეტზე სწავლის პროცესში შევძელი. მთელი ეს დრო დავუთმე, როგორც სწავლას (მაღალი აკადემიური მოსწრების მისაღწევად), ასევე ისეთი პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც იყო მცირე მოხალისეობრივი პროექტები ჯანდაცვის მიმართულებით (რომელთა მნიშვნელობა და რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა მიმდინარე პანდემიის ფონზე), ფაკულტეტთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურ ჩართულობას, უცხოეთის უნივერსიტეტებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული სხვადასხვა ტრენინგის და მცირე კურსების გავლას.

მოგვიანებით გავხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წევრი და, თანაკურსელებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, საფუძველი ჩავუყარე აქტიური სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის მარტივად გავლას, ჩამომიყალიბა საკუთარი შეხედულებები, მიზნები და მოტივები აღნიშნულ პროფესიასთან დაკავშირებით. გარდა ამისა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში პანდემიის ფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ცნობადობის შეცვლის შეფასება, დამეხმარა ზუსტად განმესაზღვრა ის პრიორიტეტები, რომლისთვისაც უნდა მიმეღწია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს. სასტიპენდიო კონკურსმა, ვფიქრობ, საშუალება მომცა მაქსიმალურად გამომევლინა არამხოლოდ ჩემი პროფესიული, არამედ პიროვნული მახასიათებლები და სურვილები. დამეხმარა ისიც, რომ უშუალოდ პროცესის მსვლელობისას, განათლების საერთაშორისო ცენტრისგან შემეძლო მიმეღო სრულყოფილი პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე.

რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტს და განვლილ პირველ სემესტრს, პროგრამამ, აკადემიურმა პროცესმა და რამდენიმე თვეში მიღებულმა ცოდნამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. აღნიშნული ფაკულტეტი არამხოლოდ პასუხობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დღეისთვის არსებულ თითოეულ შეკითხვას, არამედ გამზადებს მომავლის გამოწვევებისა და პრობლემებისთვის. სირთულეები და სასიამოვნო მომენტები კი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლას ახლავს თან, ვფიქრობ დაკავშირებულია იმ სოციუმთან, რომელთან შეგუებაც გიწევს. არ არის მარტივი მოერგო გარემოს, სადაც უამრავ სტუდენტს განსხვავებული შეხედულებები და ცხოვრების წესი აქვს. ზოგჯერ გიწევს დასვა უამრავი შეკითხვა და აითვისო სხვებისთვის ჩვეულებრივი, მაგრამ შენთვის უჩვეულო ყოველდღიური ფაქტები. თუმცა პირველი, გაცნობითი ეტაპის გადალახვის შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივი და საინტერესო ხდება ყველაფერი. ჩემი სამომავლო გეგმები, ჯერ კიდევ საქართველოში სწავლის დაწყებიდან, დაკავშირებული იყო ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის კუთხით პროფესიულ განვითარებასთან. გარდა ამისა, როგორც უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილში მქონდა აღნიშნული, დიდი სურვილი მაქვს დავრჩე აკადემიურ სფეროში და შევძლო მიღებული ცოდნის ქართველი სტუდენტებისთვის გაზიარება. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასთან არის დაკავშირებული, მდგრადი სისტემა კი მოითხოვს ძლიერ აკადემიურ საფუძვლებს.

აუცილებელია ვისწრაფოდეთ მიზნისკენ, რომლის განსაზღვრაც ერთი ძალიან მარტივი წინადადებითაა შესაძლებელი: „The greatest medicine of all is to teach people how not to need it”. რაც შეეხება რჩევას, რომელსაც მივცემდი მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიანტებს, დაკავშირებულია რისკთან და განუწყვეტლივ მცდელობასთან. ორი წლის განმავლობაში, როდესაც სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსების სააპლიკაციო მოთხოვნებს ვეცნობოდი, ყოველთვის ვფიქრობდი რომ კიდევ ერთით მეტი ნაბიჯის გადადგმა მჭირდებოდა საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, ვიდრე რაიმეს ცდას გადავწყვეტდი. ჩემ შემთხვევაში „ერთი ნაბიჯის“ უწყვეტი ციკლის დამსრულებელი გახდა ჩემი მეგობარი, რომელმაც აშკარად დამანახა ჩემი მზაობა მსგავს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ზოგჯერ რაღაცის მისაღებად შესაძლოა, იმაზე მეტად იყო მზად, ვიდრე ამას საკუთარი თავი გაჩვენებს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ წარუმატებელი მცდელობაც არ შეიძლება აღიქვას მარცხად, რადგან სწორედ მსგავსი მარცხით ხდება იმ ერთი, დამატებითი ნაბიჯის განსაზღვრა”- განაცხადა სალომე ზურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები