ინდოელები ქართული ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდნენ
ინდოელი ინვესტორები საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდნენ,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში ინდოელ ინვესტორთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ფარმაცევტული ბაზრითაც არის დაინტერესებული. სერგეენკოს განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში პოტენციურ ინვესტორებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. “ამჯერად ეს არის დიდი ინდური საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, დაინტერესებულია ფარმაცევტული ბაზრითაც. საქართველოს საინვესტიციო გარემო დიდი ხანია, მიმზიდველი გახდა. პოტენციურ ინვესტორებთან არაერთი შეხვედრა იმართება, მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტულ გეგმებზე და ვფიქრობ, ინდურ კომპანიებთან შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს ინვესტორების პირველი სტუმრობა არ არის და გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული კომპანიის წარმომადგენელს პირადად შეხვდა.