ახალი სამხრეთაფრიკული კვლევის მიხედვით, „ომიკრონი“ „დელტაზე“ სუსტია, თუმცა, ჯანმო-ში ამბობენ, რომ სიხარული შესაძლოა, ნაადრევი იყოს
სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტებისთვის ჰოსპიტალიზაციის რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე – „დელტათი“ დაავადებულებისთვის.
„სამხრეთ აფრიკაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ასეთია: „ომიკრონი“ ბევრად ნაკლებად მძიმეა, ვიდრე – სხვა ვარიანტები“, – განაცხადა ინსტიტუტის მკვლევარმა, პროფესორმა შერილ კოენმა.
ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, ჯერჯერობით, გაერო-ს სააგენტოს არ აქვს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ „ომიკრონის“ ნაკლები სიმძიმის შესახებ მყარი საფუძველი არსებობდეს.
„ამ ვარიანტის გავრცელება მთელს მსოფლიოში, ფართოდ და დიდი ხნით, ჯერ არ გვინახავს, არ ვიცით მონაცემები რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების შესახებ. ვთხოვთ ქვეყნებს, ფრთხილად იყვნენ, განსაკუთრებით, მოახლოებული დღესასწაულების პერიოდში“, – განაცხადა კერხოვემ.
ჯანმო-ს ევროპის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ reuters-თან განაცხადა, რომ რამდენიმე კვირა მაინც საჭიროა, რათა დადგინდეს, რამდენად მძიმე დაავადებას იწვევს „ომიკრონი“.