გია ხუხაშვილი: თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს შანსი აქვს.

“მასობრივი შიმშილობის აქტი კანონის ფარგლებში ეტევა და, შესაბამისად, პროტესტის რადიკალური, მაგრამ მისაღები ფორმაა.

პრობლემა სხვა რამეა – ატარებს თუ არა პროტესტის მოთხოვნები პოლიტიკურ, თუ პერსონალურ ხასიათს?

ჩემის აზრით, პოლიტიკური იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა როგორც მიმდინარე, ასევე, უკვე დასრულებულ საქმეებზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის, ან რაიმე სხვა მექანიზმით. ტექნიკურ საკითხებზე აქ არ ვისაუბრებ. ეს თვით სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პოლიტიკური მომავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მომხრეები არა ჰყავს. მას ყავს მოწინააღმდეგეებიც და კიდევ უფრო მეტი ისეთი მოქალაქე, რომელსაც სჭირდება გარკვევა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

ჩემი აზრით, უპირობო განთავისუფლება ატარებს პერსონალურ ხასიათს და, შესაბამისად, არ შეიძლება, მიეკუთვნებოდეს პოლიტიკური მოთხოვნის კატეგორიას. ის რომც იქნას მიღწეული, შედეგად საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები ნაც. მოძრაობის მიმართ კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაძლიერდება. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება პასუხი კითხვაზე – დამნაშავეა, თუ უდანაშაულო პასუხის გარეშე დარჩება და უფრო საწინააღმდეგოდ განეწყობა.

ასე რომ, როგორც  უნდა დასრულდეს ეს პროტესტი ამ სახით, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას.

თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი”, – წერს ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები