„კეზერაშვილმა დამიბარა, ხმლით ხელში დამხვდა და”ტელეიმედის” დათმობა მომთხოვა“
ჯოზეფ ქეიმ, რომელსაც საქალაქო სასამართლოში პროკურორები “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სკაიპის მეშვეობით კითხავენ, განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი ხმლით ხელში დახვდა და უთხრა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით “ტელეიმედი” მათთვის უნდა მიეცა. როგორც ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, კეზერაშვილმა მასთან პირისპირ შეხვედრისას, ტელეფონის მეშვეობით მიხეილ საააკაშვილთან ასაუბრა. ქეის თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ რასაც კეზერაშვილი ეტყოდა, უნდა დაეჯერებინა.
“მიშამ მითხრა, რომ არაფერი შეცვლილა, ცუდად არავინ მოგეპყრობა და “ტელეიმედის” დათმობის შემდეგაც ჩვენი მეგობარი იქნებიო. კეზერაშვილმა ჩაიღიმა და მითხრა, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებო. მითხრა ასევე, დაწყნარდი, არავინ შეგეხებაო”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ. მისივე განმარტებით, კეზერაშვილი დაპირდა “იმედში” დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას. ჯოზეფ ქეის თქმით, კეზერაშვილთან საუბრის შემდეგ მან თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე და ოფისი დატოვა. მეორე დღეს კი, ქეის თქმით, გიგი უგულავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული დოკუმენტებისთვის ხელი უნდა მოეწერა. “ვიკითხე, ვისზე ვაფორმებდი “ტელეიმედს”, თუმცა მან არ მიპასუხა, დრო არ მაქვსო. დეკემბრის ბოლოს ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. დანახარჯი ჩემი დათვლით იყო 11 მლნ დოლარი, თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს 10 მლნ-ს შეადგენდა”, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.
მისი თქმით, უგულავა და კეზერაშვილი მას დაჰპირდნენ, რომ დახარჯულ თანხას დაუბრუნებდნენ.
“მითხრეს, რომ მათი ფული ჰქონდა დავით იაკობაშვილს, რომელმაც ახალი რიყე გაყიდა და ამით მე ხარჯები ამინაზღაურდებოდა. თუმცა, მათი დათვლილი თანხიდან 8 მლნ 800 ათასი დოლარი მომცეს “, – განაცხადა ჯოზეფ ქეიმ და აღნიშნა რომ “იმედის” გასხვისების შემდეგ იგი მხოლოდ 10%-იანი წილის მფლობელად დარჩა, ბადრი პატარკაციშვილთან შეთანხმებისამებრ კი, ხუთი წლის შემდეგ “ტელეიმედი” მის ოჯახს გადასცა.