ავსტრალიაში, „ომიკრონის“ შემთხვევების მატების ფონზე, პრემიერი „ლოკდაუნის“ დაწესებას არ აპირებს – “ახლა მთავარია, რამდენად სერიოზულ გართულებებს იწვევს ვირუსი”
ტეილორ სვიფტის ალბომის წვეულება, რომელიც ავსტრალიაში, სიდნეიში გასულ კვირას გაიმართა, კოვიდის გავრცელების ღონისძიებად იქცა.
ეპიდემიოლოგები ასობით ადამიანს ამოწმებენ. 97 სტუმარს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, 600-მდე ადამიანი კი, რომელიც წვეულებას ესწრებოდა, ტესტირების შემდეგ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.
კორონავირუსის ინფექცია, ახალ შტამ „ომიკრონთან“ ერთად, ავსტრალიაში პაბებსა და ღამის კლუბებში სწრაფად ვრცელდება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს.
შემთხვევების მატების მიუხედავად, პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია პანდემიის განსხვავებულ ფაზაში შევიდა და „ლოკდაუნის“ დაწესებას აღარ გეგმავს.
„შემთხვევების რაოდენობა საზომი აღარ არის, ნამდვილი საზომი ახლა არის, რამდენად სერიოზულ გართულებას იწვევს ვირუსი, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა“…, – განაცხადა მორისონმა.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“, სხვა ვარიანტებთან შედარებით,, სუსტია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიაში კორონავირუსის 243 000-მდე შემთხვევა და 2134 გარდაცვალება დაფიქსირდა.