დაამთავრა თბილისის 107-ე საჯარო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
10 წლის მანძილზე ცეკვავდა ქართულ–ხალხურ ცეკვებს, სხვადასხვა ქორეოგრაფთან. მცირე ხნით დადიოდა სამხატვრო აკადემიაში. ამბობს, რომ ხელოვნება სულ თან სდევდა.
„ჩემი ჰობი არის ხატვა, 17 წლამდე თავისუფალ დროს ყოველთვის ხატვაში ვატარებდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამიტაცა ფოტოგრაფიამ და მას შემდეგ ერთად მოვდივართ, ამ დროს ვიყიდე პირველი მობილური საკუთარი გამომუშავებული პირველი ანაზღაურებით“. – ნინი მამნიაშვილის პერსონა. 
– ბავშვობიდან გიყვარდათ: ცეკვა, ხატვა, ფოტოგრაფია…
– ხელოვნება და ხელოვანები ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში. შესაბამისად, ყოველი დღე წინაზე საინტერესო იყო. როცა მეგობრები ვიკრიბებოდით ერთად, ვხატავდით, ვსაუბრობდით ისეთ დიდ ხელოვანებზე, როგორებიც არიან: ვინსენტ ვან გოგი, პიკასო, და ვინჩი, კლიმტი და ა.შ. ცეკვა იმ დროის გატაცება იყო, ახლაც ძალიან მიყვარს, თუმცა არა ისე, როგორც ფოტოგრაფია.
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფოტოგრაფიაა ის ერთადერთი გზა, სადაც ჩემს შინაგან ხმას ყველაზე ხმამაღალს გავხდიდი და ასეც მოხდა.
ბევრჯერ ყოფილა, როცა სკოლის მერხზე, გაკვეთილის მსვლელობისას ამომიღია სახატავი მასალები და ხატვა დამიწყია, არ მახსენდება, რომელიმე პედაგოგს ხელი შეეშალოს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ იმ წამს ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
– ილიას უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრეთ… არადა, მთლიანად ხელოვნების სამყაროში იყავით…
– სიმართლე გითხრათ, რატომ ავირჩიე ეს ფაკულტეტი, მეც არ ვიცი, ეს ის წლები იყო, როცა ყველაზე მეტად ხარ დაბნეული, არ იცი, რას მოედო და რომელ მხარეს წახვიდე, ალბათ საზოგადოების აზრმაც იმოქმედა, რომ არ ჩამებარებინა რომელიმე ფაკულტეტზე. შემეშინდა, რომ საუბარს დაიწყებდნენ, ახლა რომ ვიყო იმ წლებში, შესაძლოა, უნივერსიტეტისკენ არც გამეხედა და ბევრად ადრე დამეწყო ის, რასაც ახლა ვაკეთებ.
– ხანგრძლივად დადიოდით ქართულ ხალხურ ცეკვებზე…
– ცეკვა იყო ის, სადაც ყველაზე მეტ რესურსს და ენერგიას ვხარჯავდი იმ წლებში, იყო კონცერტები, გასტროლები, თუმცა არც ერთ მათგანში მონაწილეობა არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ დადგმაში სოლო პარტიის მოცეკვავე გახლდით. უბრალოდ მინდოდა, საცეკვაო დარბაზში შევსულიყავი და ჩემს საკონცერტო ჯგუფთან ერთად ყოველ დღე, 3-4 საათი, გაუჩერებლად მეცეკვა. ეს იყო გარდატეხის ასაკი, დრო, როცა ყველაზე ნაკლებად იცი, რა გინდა. იმ დროს ცეკვა ჩემს უშრეტ ენერგიას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
– ფოტოგრაფია 13 წლის ასაკში გაგიტაცათ…
– ზუსტად 13 წლის ვიყავი,, როცა დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, ვმუშაობდი და პირველივე ანაზღაურებით შევიძინე ჩემი პირველი ტელეფონი, მანამდე სოციალური ქსელებიც არ მქონდა, ამ დროიდან, როცა სოციალურ ქსელებში დავიწყე სხვადასხვა ფოტოების, ფოტოგრაფების დაჭერილი კადრების თვალიერება, მივხვდი, რომ ეს არის ის ერთადერთი, რასაც ჩემს მომავალში ვხედავ,
24 წლის ვარ, ზუსტად 11 წელია იმავე გრძნობით ვიღებ ფოტოებს, როგორც პირველად. 2021 წელს ჩემმა აწ უკვე მეუღლემ მაჩუქა ჩემი პირველი ფოტოაპარატი, ამ დღიდან კიდევ უფრო ფერადი და საინტერესო გახდა ყველაფერი. ყოველთვის მინდოდა, როცა გარეთ ხალხს ვაკვირდებოდი, ის, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი, კადრებად ქცეულიყო და ასეც მოხდა, დღეს ამ კადრებს ჩემს გვერდზე (Ninni lens – რომელსაც ამ სახელით იცნობთ) დაათვალიერებთ.
არც ერთი კურსი და მასტერკლასი არ გამივლია, რომ აქამდე მოვსულიყავი და ეს ყველაზე მეტად მხიბლავს, საკუთარი ცოდნით და შემდეგ პრაქტიკით გავიკვლიე გზა, რომ ისეთი კადრები შემექმნა, რომელზედაც ბევრი ისაუბრებდა. წელს, 2026 წლის მარტში, უკვე მეორე კამერით დავიწყე გადაღებები და ვაგრძელებ, ვაგრძელებ იმას, რაზედაც სულ ვოცნებობდი, პატარა ნინი ძალიან ამაყობს ახლანდელი ნინით.
– თქვენს გვერდზე Ninni lens ხშირად ქვეყნდება მხატვრული ფოტოები…. როგორ ,,იჭერთ” წამებს?
– ყოველი ჩვენგანისთვის დაჭერილი წამის სილამაზე სხვადასხვაგვარად აღიქმება. ის, რასაც მე ვიღებ, უნიკალური და განუმეორებელია. სეირნობისას, გადაღებაზე ყოფნისას, უბრალოდ ვაძლევ სრულ თავისუფლებას მოდელს და ვაფიქსირებ რეალურ ემოციებს. როცა ქუჩის ისტორიებს ვიღებ, ვუყურებ და ჩემს თავში ვალაგებ ყველს დეტალს, მინდა, რომ კადრი, რომელსაც გადავიღებ, მესაუბრებოდეს და ჰყვებოდეს იმ ქუჩის ისტორიას, სევდასა თუ სიხარულს.
– ამბობთ, რომ ჰობი არის ხატვა. შთაგონებას ელოდებით?
– როცა უფრო მეტად მქონდა თავისუფალი დრო, შესაძლოა, შუა ღამეს გამეღვიძა, ამეღო ტილო და სახატავი მასალები და დამეწყო ხატვა. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ერთ კონკრეტულ სილუეტს ვხატავდით, მახსოვს წინ ქანდაკების ნაწილსაც ვიდებდით და ყველა ჩვენებურად გამოვცემდით ტილოზე მის უნიკალურობას.
– ერთი ფოტოს ისტორია…
– მიყვარს და მიზიდავს წყვილების გადაღება, მათი ვნება, სიყვარული და ჰარმონია რაღაცნაირად უფრო მხატვრულად ჩანს ფირზე. ერთ-ერთ გადაღებაზე მყავდა წყვილი, ორსული გოგონა და მეუღლე.
გაცნობის წამიდან მივხვდი, რა საოცარი კადრების გადაღება შეიძლებოდა მათთან ერთად. მივეცი სრული თავისუფლება, პიკნიკი, გასეირნება და ყველა ნამდვილი ემოცია კადრებად გადმოვეცი, საოცარი გამოცდილება იყო, ენერგიით აღვივსე, მიუხედავად იმისა, რომ დღის ბოლოს ძალიან დავიღალე, თუმცა სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი სახლში.
ფოტოების გაგზავნის დრო როცა მოდის, ორმაგად ვღელავ, თუმცა მათი უკუკავშირი მაძლევს მოტივაციას, როცა მეუბნებიან, რომ მოლოდინს გადავაჭარბე.
– ხატვა და ფოტოგრაფია ავსებს თქვენს ცხოვრებას. როდის ხატავთ და როდის იღებთ ფოტოებს?
– სამწუხაროდ დიდი ხანია აღარ დამიხატავს, რადგან დრო აღარ მრჩება, თუმცა გადაღებას ყოველთვის ვახერხებ, თითქმის ყოველ დღე ვიღებ, ხან სამეგობროში, ხან გადაღებებზე მიწევს წასვლა, ხანაც უბრალოდ სეირნობისას ჩემი კამერა ყოველთვის თან დამყვება.
– ოჯახი… გყავთ მეუღლე და 11 თვის შვილი, ნოა აბესაძე.…
– ოჯახი, ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, მისი გვერდში დგომის გარეშე ფაქტობრივად არაფერი გამოვიდოდა, ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი და ამ შემოქმედებით გზაზე ყველაზე ერთგული თანამგზავრია.
– გამოფენები…
– სამომავლოდ მინდა ჩემი სახელის გაგონებაზე ყველამ იცოდეს ჩემი ნამუშევრების შესახებ და აღარ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.
გამოფენაზე ახლო პერიოდში არ ვფიქრობ, ცოტა ამბიციური განაცხადია და მგონია, ამისთვის ჯერ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო, თუმცა ჩემი შემართება ამ მიმართულებით მიდის.



თამარ შაიშმელაშვილი