თბილისში, მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქალაქში არსებობს მსახიობის სახელობის ქუჩა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.
„თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს გავხსენით ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა. ზურაბ ქაფიანიძე იყო როგორც გამორჩეული მსახიობი, ასევე გამორჩეული ადამიანი. მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. სიმბოლურია, რომ ზურაბ ქაფიანიძის სკვერი სწორედ მისი გარდაცვალების დღეს გაიხსნა“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა შოთა ქევხიშვილმა, პოეტებმა და მსახიობებმა.
სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.