სომხეთის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ახალ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად მოქალაქეს არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი წელი სომხეთში ცხოვრების ფაქტი უნდა დაუდასტურდეს. ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდება რიგგარეშე არჩევნებზეც, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილების მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ქვეყნის შიდა ცხოვრებასა და მიმდინარე გამოწვევებთან უშუალოდ არიან დაკავშირებული.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ცნობები, რომ რუსეთის მხრიდან არსებობდა მცდელობა, სომხეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთში მცხოვრები სომეხი ამომრჩევლების მობილიზებით გავლენა მოეხდინათ კენჭისყრის შედეგებზე. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ამასთან, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი ახალ კანონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო უფლებებს ზღუდავს.