„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაციებისთვის ტრენინგი გამართა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ სპეციფიკური ნარჩენების (ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები) წარმომქმნელი ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო სემინარ-ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრამ, რომელიც მიმდინარე საკანონმდებლო მოთხოვნებსა და ვალდებულებებს მიეძღვნა, კერძო და საჯარო სექტორის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. სემინარის მთავარი მიზანი იმ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების გაცნობა იყო, რომელთა დარღვევაც ორგანიზაციებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა დეტალური და პრაქტიკული ინფორმაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა WMIS სისტემაში რეგისტრაცია, ნარჩენების კლასიფიკაცია, მართვის გეგმების მომზადება და უფლებამოსილ ოპერატორებთან სავალდებულო ხელშეკრულებების გაფორმება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების მართვის კოდექსითა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით (EPR) გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ და პრაქტიკულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები და კვალიფიციური რეკომენდაციები მიეღოთ,“ — განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარება ორგანიზაციებს, თავიანთი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით წარმართონ.