EBRD-მა საქართველოს 2022-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2022-2027 წლებისთვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ინფორმაციას EBRD ავრცელებს. ახალი სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება:

ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება

„EBRD მზადაა, დაეხმაროს კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ მათი პროდუქტიულობა და მდგრადობა მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით. მაგალითად, დიგიტალიზაციის ინვესტიციების გზით. ბანკი ასევე გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავების მიზნით, რათა კომპანიებს მიაწოდოს დაფინანსების უფრო ფართო არჩევანი“.

ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა

„ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე დედაქალაქ თბილისის გარეთ, რეგიონებში. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ფინანსური და აუცილებელი მუნიციპალური სერვისების უკეთესი ხელმისაწვდომობა EBRD-ის მუშაობის მთავარი აქცენტია”.

საქართველოს მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა

„სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის ინიციატივების მხარდაჭერით, EBRD მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მწვანე ეკონომიკური ტრანსფორმაციის დაჩქარებაში. EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გადასვლის მეთოდოლოგიისა და ამ სფეროში მის ძლიერ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბანკი გააერთიანებს განახლებად ენერგიებში ინვესტიციებს პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობასთან. ის ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, მათ შორის ენერგიისა და რესურსების ეფექტურობის გაზრდას და გააგრძელებს მწვანე ქალაქების ჩარჩოს გაფართოებას”, – აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო რეფორმების წინსვლისა და მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად. EBRD-ის ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა Covid-19-ის პანდემიით, მის აღდგენასა და შემდგომ განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები