2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით, ანუ 129.0 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.4 პროცენტით; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7, გაიზარდა 2.0 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი, გაიზარდა 4.9 პროცენტით; მშენებლობა – 2 003.1 ლარი, გაიზარდა 6.8 პროცენტით.
ამასთან, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი, ანუ 13.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი, ანუ 9.5 პროცენტი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2021 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით, ანუ 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში დაფიქსირდა და 2 336.2 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60.4 პროცენტით მეტია. ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში ხელფასი 2 265.0 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდში, საქსტატის ინფორმაციით, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით, ანუ 7.9 პროცენტით გაიზარდა და 1 219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.