საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს ტყის კოდექსში” შესატანი ცვლილებები მიიღო
ცვლილებებით, გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და დადგინდება დასაწყობებული, უკანონოდ მოჭრილი და ჩამორთმეული ხე-ტყის განკარგვის ახალი წესი. კერძოდ, აღნიშნული ხე-ტყე დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადაეცემა ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
პარლამენტის ინფორმაციით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე ტყის მართვის ორგანო დასაწყობებულ ხე-ტყეს საქმის დასრულებამდე ვერ განკარგავდა, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა. 2018-2019 წლებში ჩამორთმეული ხე-ტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ჩამორთმეული იქნა 10,233.7 კუბური მეტრი ხე-ტყე, საიდანაც 5,778.3 კუბური მეტრი არ იქნა განკარგული.
ცვლილებებით ასევე სწორდება კოდექსით დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოქნილი გახდება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტით ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს.