პარლამენტის მიერ, ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი რეგლამენტის პროექტით, ახლებურად განისაზღვრება

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი. ამის შესახებ “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტში 2021 წლის 28 ივნისს შეტანილი ცვლილების შედეგად დადგენილი ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესით აგვისტოში გამართულმა კენჭისყრებმა და იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ცხადყო, რომ კენჭისყრის ზემოხსენებულმა წესმა კანდიდატების საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, კონსენსუსით არჩევის წახალისება ვერ უზრუნველყო.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს არჩეულ ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ამოეწურებათ. ამ პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც არ არის მიზანშეწონილი და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს. სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. კერძოდ პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.

“არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. პრლამენტმა 82 ხმით დაუჭირა მხარი განხილულ კანონპროექტს”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები