კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა 3 წლის ვადით დანიშვნის ინიციატივას აფასებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა 3 წლის ვადით დანიშვნა რისკს შეიცავს. კუბლაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მოსამართლეების სამი წლის ვადით დანიშვნა მათ დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.
„იცით, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ესაა ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მიღწევა. მასში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მოსამართლეებს ეთმობათ და იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გადამზადება, რომ მთლიანი სისტემა ევროპული სტანდარტისკენ სწრაფად წავიდეს. ერთს ვიტყვი, როგორადაც არ უნდა გადავამზადოთ მოსამართლეები და ამის პრობლემა დიდი ხანია არ გვაქვს, როგორი მაღალი კვალიფიკაციის ტრენერებიც არ უნდა მოვიწვიოთ, აბსოლუტურად არაფერს არ ექნება აზრი, თუ მოსამართლეები დავნიშნეთ მხოლოდ 3 წლის ვადით. ეს არის არა მარტო ჩემი მოსაზრება, ეს არის, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსაზრება, რომლებიც ყოველთვის აფიქსირებენ, რომ მოსამართლეთა 3 წლის ვადით დანიშვნა შეიცავს ძალიან დიდ რისკს, საფრთხეს მათი დამოუკიდებლობისთვის – ამ 3 წლის განმავლობაში შესაძლებელია მოსამართლეებმა პოლიტიკური მოტივაციის გადაწყვეტილებები მიიღონ და არა სამართლებრივი არგუმენტებით დასაბუთებული. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პოზიციას და ჩვენი მიდგომა, რაც ერთსულოვანია, ასეთია – სამწლიანი დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის”, – განაცხადა კუბლაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლე, თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს გაივლის და მის საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად შეაფასებს. შეფასება ორი კრიტერიუმის მიხედვით მოხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი მოსამართლეებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები