საკონსულტაციო ჯგუფი ქართველ პროკურორებს გამოცდილებას გაუზიარებს
საქართველოს პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს სამართლის სფეროში არსებულ მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებს.
როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი საქართველოში მთავარი პროკურატურის მოწვევით ჩამოვიდნენ. პროკურატურის ცნობით, მათი საქმიანობა საქართველოში ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად, სამართალწარმოების პროცესზე.
„ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ პროკურორს და დავეხმაროთ მას პროკურატურაში ამჟამად მიმდინარე საკითხების შეფასებაში. განსხვავებული კანონმდებლობების და მიდგომების გათვალისწინებით ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და მოსაზრებებს ამ საკითხების გადაჭრის გზების შესახებ“, – აღნიშნა პოლ კაფიმ.
მოშე ლადორიმ კი მთავარ პროკურორს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დისკუსია ნაყოფიერი იქნება.
„ჩვენ ჩამოვედით საქართველოს მთავარი პროკურორის მოწვევით, იმისათვის, რომ ჩვენს განსხვავებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების მეშვეობით დავეხმაროთ საქართველოს პროკურატურას ამჟამად მიმდინარე საქმეების შეფასებაში. ჩვენ მადლობას ვუხდით მთავარ პროკურორს მისი მასპინძლობისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ გუშინდელი და დღევანდელი დისკუსია ნაყოფიერი იქნება და ჩვენ შევძლებთ ამ პროცესისთვის ხელის შეწყობას“, – განაცხადა მოშე ლადორიმ.