დავით ზალკალიანი: იმ კონგრესმენთა წრე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის გაჩენას, კიდევ უფრო გაფართოვდება
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების აღნიშნული წერილი. ეს არის ერთობლივი, ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი, მკაფიო დადასტურება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კონგრესმენების იმ წერილს, რომელშიც ისინი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ აშშ-ის კონგრესთან, ყველა შესაბამის კომიტეტთან, იმისთვის, რომ მსგავსი წერილით ყოფილიყო გამოხატული კონგრესის ნება, მიმართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ, მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ საქართველო აუცილებლად იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ-სთან.
რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიცია არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით ავიდეს თვისობრივად ავიდე სიმ დონეზე, რა დონეზეც არის ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. მე მინდა მადლიერება გამოვხატო კონგრესმენების მიმართ, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნულ მიმართვას და დარწმუნებული ვარ, რომ იმ კონგრესმენთა წრე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის გაჩენას, კიდევ უფრო გაფართოვდება და ჩვენ გვექნება კონგრესის სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენებმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართეს.