ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკის, როგორც უმსხვილესი განვითარების პარტნიორის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკმა გაუწია საქართველოს. აღნიშნული ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსება, ისე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენა.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდსა და საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. ხაზი გაესვა კერძო სექტორის წარმმართველ როლს ეკონომიკის განვითარების პროცესში და ბანკის როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.

გარდა ამისა, მიმოიხილეს ქვეყნისთვის ისეთი სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ხევი-უბისას, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთები, ბათუმის შემოვლითი გზა, ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობა აქტიურად გაგრძელდება 2019-2023 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში აზიის განვითარების ბანკის პორტფელი შეადგენს 3,92 მლრდ აშშ დოლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები