საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააცნო დეპუტატებს.

კომიტეტის თავმდჯომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, განსაზღვრავს მთელ რიგ მიმართულებებს, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც საქრთველოს მოქალაქეებს დღეს აწუხებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, პროექტში ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებიდა შესაძლო რისკების მიმოხილვა. „ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებს, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმია. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის – მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა. მისივე განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში ფასების სტაბილურობად მიიჩნევა ინფლაციის 3-პროცენტიანი დონე.

„2018 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვეშ იყო, 2019 წელსაც ასეთივე მდგომარეობა გვქონდა მანამ, სანამ რუსეთიდან ფრენების შეწყვეტამ გავლენა იქონია გაცვლით კურსზე და შესაბამისად, ეს აისახა ინფლაციაში. გარდა ამისა, სიგარეტის დაბეგვრის პრინციპი შეიცვალა და ესეც იყო ერთჯერადი ფაქტორი. 2020 წელს ინფლაცია ისევ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვეშ გახლდათ, ხოლო 2021 წელს ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და სწორედ ამ დროს მოხდა პანდემია, ხოლო პანდემიის პირობებში ინფლაცია მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების პრობლემაა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინფლაციაზე გავლენის მქონე ეგზოგენურ ფაქტორებზე. „აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო გადაზიდვების აშშ დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში იმპორტულ ინფლაციაზე ახდენს გავლენას. აგვისტოს მონაცემებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის შედარებით გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასები წლიურად 18.7 პროცენტამდე გაიზარდა”, -აღნიშნა კობა გვენეტაძემ. რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები დიდი გაურკვევლობით ხასიათდება, მომხსენებელმა ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად ალტერნატიული სცენარები გააცნო დეპუტატებს.

„ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავიდეს და ის იყოს დროებითი”- აღნიშნა კობა გვენეტაძემ. დღეს არსებული ინფლაცია მსოფლიოში განიხილება, როგორც დროებითი ინფლაცია იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის დაძლევა დროულად მოხდა და რაიმე სხვა მიზეზები არ გამოჩნდა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები