თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი2”-ის საქმეზე პაატა სალიას კითხავენ

იმ მომენტშიც, როცა მივედით, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი. ამანაც გააჩინა გარკვეული ეჭვი, რატომ იყო ასე. ასევე იყო ძალიან დიდი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, – ამის შესახებ “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, სადაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

პაატა სალიას სასამართლოში დაკითხვა გასულ სხდომაზე დაიწყო, ამ წუთებში მას კითხვებს დაცვის მხარე უსვამს.

„დღეს დაცვის მხარე აგრძელებს შეკითხვების დასმას. წინა სხდომაზე პროკურატურამ ამოწურა შეკითხვები. მე არ მგონია, რომ დაცვის მხარეს რამე განსაკუთრებული და განსხვავებული კითხვა ჰქონდეს. ჩემი განცხადება შეიცავდა ზოგად მითითებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მისული ვიყავი კომპანიაში, არ მომეცა საშუალება, რომ მშვიდ რეჟიმში გადმომცემოდა დოკუმენტაცია, არ იყო არანაირი განწყობა თანამშრომლობისა და შესაბამისად, არსებობდა რისკები, რომ ჩემი პასუხისმგებლობაც დამდგარიყო, თუ რაიმე დარღვევები არსებობდა და ამის შესახებ დროულ რეაგირებას არ მოვახდენდით. იმ მომენტშიც, როცა მივედით, კომპანიის საბანკო ანგარიშების სალარო იყო ცარიელი. ამანაც გააჩინა გარკვეული ეჭვი, რატომ იყო ასე. ასევე იყო ძალიან დიდი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ასევე, აშკარა და თვალსაჩინო იყო, რომ 2015 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა შეიტანა „რუსთავი 2-ის“ წილების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი, გარკვეულ მანიპულაციებს შესაძლოა ჰქონოდა ადგილი. ჩვენ ამაზე 2015 წელსაც ვსაუბრობდით, როცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბის მიღების შემდგომ ვითხოვდით დროებითი მმართველების „რუსთავი 2′-ში შეშვებას იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კომპანიის მაშინდელი მენეჯმენტის მიერ იმგვარი გარიგებების დადება, რაც კომპანიას ზიანს მიუტანდა. აღმოჩნდა რომ მართლები ვიყავით. შესაბამისად, გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე უნდა მიეღო. ეს შემოსავალი აღმოჩნდა სხვა კომპანიაში, საიდანაც შემდგომ „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტმა მიიღო ეს თანხები ისე, რომ არ მომხდარა ამ თანხების დეკლარირება. ამას ედავება პროკურატურა, ესაა რაც ჩვენთვისაც გამოძიების ფარგლებში გახდა ცნობილი. არის კიდევ ერთი ეპიზოდი – ავტომობილის ეპიზოდი, რომელიც სარეკლამო დროში გაიცვალა“, -განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ხოლო ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები