მანანა ვარდიაშვილი: ის ხალხი ვინც ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე დავით აღმაშენებელია და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი, არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან

“მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ჯერზე შემოგვაყარა ​ნაცარი”,- ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი მანანა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის ხალხი ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე დავით აღმაშენებელია და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი – არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

“მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ედუარდ სააკაშვილის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო დამაბნეველი. ბევრს ჰგონია, რომ საუბარია ედუარდ სააკაშვილის აშშ-ში, სვარტმორის კოლეჯში ( თუ არ ვცდები, აქ სწავლობდა) სწავლის დაფინანსებაზე. საქართველო აფინანსებს წარმატებული ქართველი სტუდენტების უცხოეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას, მაგრამ ამ თანხის მოსაპოვებლად სტუდენტებს რთული კონკურსის გავლა უწევთ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ედუარდ სააკაშვილმა კონკურსი გაიარა და სახელმწიფოსგან აშშ-ში სწავლის დაფინანსება მიიღო: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილს, ედუარდ სააკაშვილს ბიუჯეტიდან უფინანსებდა კერძო ქართულ სკოლაში – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სწავლას: თავი დავანებოთ იმას, რომ ეს მორალურადაც გაუმართლებელი ნაბიჯია ( კერძო სკოლაში შვილის შეყვანით მიშამ საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა: საჯარო სკოლა ნაგავია და ჩემი შვილი თქვენი შვილების მსგავსად მაგ ნაგავში ვერ ივლისო).

არის თუ არა ეს საქციელი უკანონო და კორუფციული? დიახ, არის. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეს ბიუჯეტიდან შვილის კერძო სკოლაში სწავლის დაფინანსების უფლებას არ აძლევს. გინდა შვილი ატარო კერძო სკოლაში, ცურვაზე, თმა შეიჭრა კარგ დალაქთან, კანის სნეულებას უმკურნალო ბოტოქსით ან ქაშმირის პიჯაკი იყიდო? თანხა უნდა გადაიხადო საკუთარი ხელფასიდან! უკანონო რომ იყო ეს საქციელი, ეს სააკაშვილმაც კარგად იცოდა და ამიტომ გაატარა ეს თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებში.

ვის სთხოვენ პასუხს ბიუჯეტის ფულით დასვენების ან შვილის სწავლის დაფინანსების გამო? ყველას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში. სახელმწიფო თანხის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის უკანონო და როგორც წესი, ყველას უწევს ამის გამო მორალური და პოლიტიკური ფასის გადახდა: უკანონო გზით მიღებულ თანხას აბრუნებენ ბიუჯეტში და მიდიან თანამდებობიდან.

სააკაშვილმა კიდევ მორიგ ჯერზე შემოგვაყარა თვალებში ნაცარი.

ის ხალხი კიდევ, ვინც ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე დავით აღმაშენებელია და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ექვთიმე თაყაიშვილი და თქვენს მესიას ყველაფერი ეკუთვნის, არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან. აბსოლუტურად არაფრით”,- წერს ვარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები