“თიბისი ბანკის” საქმეზე მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დღეს პირველად დაიკითხება
ე.წ. თიბისი ბანკის საქმეზე დღეს სასამართლოში მამუკა ხაზარაძე პირველად დაიკითხება. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს ხაზარაძე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
“ეს არის ბრალდებულების პირველი დაკითხვა ზოგადად ამ სასამართლო სხომაზე, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძე მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. დეტალურად იქნება განხილული მამუკას მიერ თავის ჩვენებაში ის ოპერაციები, გარიგებები, ის ფაქტორები, რომლებიც განვითარდა 2008 წელს და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება და დადასტურდება ის, რომ არავითარი საფუძველი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს”, – ამბობს ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას უკავშირდება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.