გიორგი ვაშაძე – წულუკიანს: ეს კულტურის მინისტრობა კი არა, უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ
ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენება წარადგინა.
ვაშაძის შეფასებით, კულტურის მინისტრი სიძულვილის ენას იყენებს, რაც შეუფერებელია მისი პოსტისთვის.
“ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას? ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ მათი მინისტრი, ვინც ტაშს დაგიკრავთ ყველაფერზე? ეს კულტურის მინისტრობა კი არა, უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით, თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანთან იმ სიძულვილის ენით, რაზეც თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ. არავის არაფერი დაამახსოვრდება, რაზეც ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები. მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოში?“ – მიმართა ვაშაძემ წულუკიანს.