გიორგი ცუცქირიძე: მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების ზრდაზე
“ეკონომიკურ ზრდის შეფასებისას, წლიური ზრდის მაჩვენებელთან ერთად, კვარტალურ ზრდას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან გამოშვების, როგორც საქონლისა და მომსახურების წარმოების და დამატებული ღირებულების გაზომვას გაცილებით ოპტიმალურად ახდენს, ყოველთვიურ მაჩვენებელთან შედარებით. ზოგადად კი თითოეული ფირმის წვლილი არა მთლიანი გამოშვების, არამედ დამატებული ღირებულების მიხედვით ფასდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებული ღირებულება დანამატია ფირმის დანახარჯების ნაკადებზე, ანუ საწარმოო მოხმარებაზე. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი სწორედ კერძო სექტორს უჭირავს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ თავის პოსტში სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი გაჯანსაღებაც ბიზნესსექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული.
ეკონომიკის ექსპერტის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გაგრძელდა მეორე კვარტალში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ასევე, დასაქმების მიმართულებითაც. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.5%-ით გაიზარდა (2019 წელთან შედარებით 39.4%-ით) და 40.5 მლრდ. ლარი შეადგინა.
„2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება 15.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 29.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ასევე 17.7 პროცენტით აჭარბებს წინა პანდემიურ, 2019 წლის მონაცემსაც. მესამე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვებასთან ერთად (გაიზარდა 34.8 პროცენტით), მზარდი იყო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა 25.0 პროცენტი. ეს ფაქტორი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ქვეყანაში დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი.
„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქმიანობის სახეების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 31.7%),და ვაჭრობის (ზრდა 32.5%), ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (ზრდა 88.7%), ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 94.2%), ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 27.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 80.7%), ჯანდაცვისა (ზრდა 37.1%), ინფორმაციის და კომუნიკაციის (ზრდა 29.5%) და მშენებლობის (ზრდა 4.6%) სექტორებში გამოშვების ზრდამ,“ – აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, 2021 წლის მესამე კვარტალში, გამოშვების ზრდა აისახა ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, რომელიც 5.0%-ით (32.5 ათასით) გაიზარდა, თუმცა წინა პანდემიურ, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია 2.6%-ით და 678.0 ათასი შეადგინა.
„ბიზნეს სექტორში, დასაქმების სტრუქტურაში სამუშაო ადგილების ზრდაც თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა და სამუშაო ადგილების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის (ზრდა 4.6%), ინფორმაციის და კომუნიკაციის (ზრდა 24.7%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 12.5%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 38.3%), ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 36.1%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.4%), ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 3.3%), ჯანდაცვისა (ზრდა 1.7%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებისა (ზრდა 5.3%) და მშენებლობის (ზრდა 1.0%) სექტორებში სამუშაო ადგილების ზრდამ. 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა 11.5 პროცენტით გაიზარდა (149.7 ლარით) და 1,455.5 ლარი შეადგინა,“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, 2021 წლის ნოემბერში მთავარ გამოწვევად ინფლაცია რჩებოდა. წლიური ინფლაციის დონე კვალავ მაღალი იყო და 12.5 პროცენტი შეადგინა, სადაც ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებამ.
„2021 წლის ოქტომბერში სურსათის ფასების ინდექსმა (FAO) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა. ნავთობის ფასების 55%-იანი ზრდა აისახა საერთაშორისო ტრანსპორტირების გაზრდილ ხარჯებზე, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. ასე მაგალითად, რეგიონის ქვეყნებში ოქტომბერში რუსეთში ინფლაცია 8.1% იყო, თურქეთში 19.9%, უკრაინაში 10.9%, სომხეთში 9.1% და აზერბაიჯანში 5.7%.“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის დადებითი ტენდენციები აჩვენებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ასევე სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების ზრდაზე.