ვინ იყო „მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი – არზაყან ემუხვარის ბრძოლა რევოლუციისთის

არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი 1880 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა სოფ. ჩხორთოლში (გალის რ–ნი) მართლმადიდებელი მშობლების თავად ყიზილბაქ (კონსტანტინე) მურზაკულის ძე ემუხვარისა და ბზიფელი ხიმზადა ომარის ასულ მარღანიას ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ და არზაყანი, დედმამიშვილებთან (ივა, ანა, ვარვარა) ერთად, ძიძის ოჯახში იზრდებოდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, პატარა არზაყანი ძიძის ოჯახმა ოქუმის პირველდაწყებით სკოლაში შეიყვანა, შემდეგ – ახალი სენაკის სასულიერო სკოლაში. 1895 წლიდან ის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მე-4 კლასში გადავიდა, 1896 წლიდან კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარიაში სწავლისას რედაქტორობდა სემინარიელების ახალგაზრდულ ჟურნალს “რიჟრაჟი”. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას და მესამე დასელებს მიემხრო. ეს დიდი გაბედულება გახლდათ იმ აფხაზისგან, რომელიც ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიანტი იყო. საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ მისი სტიპენდიანტი მღვდლად ეკურთხებოდა, წარჩინებულ მისიონერად მოევლინებოდა აფხაზეთს, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას გაატარებდა და აფხაზთა გულსა და გონებას რუსეთის ინტერესებს დაუმორჩილებდა, მაგრამ არზაყანმა საზოგადო მოღვაწისა და რევოლუციონერის გზა აირჩია.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, არზაყან ემუხვარი აფხაზეთში დაბრუნდა და ხალხში რევოლუციური მუშაობა დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობაში და რევოლუციის შედეგად შექმნილ “სოხუმის რესპუბლიკის” ხელმძღვანელი გახდა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, ის დააპატიმრეს და 1909 წლის თბილისის სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებით ერთი წელი მიუსაჯეს. სოხუმის ციხეში პატიმრობამ მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობაში.  სასჯელის მოხდის შემდეგ, არზაყან ემუხვარი კვლავ აქტიურ რევოლუციურ მუშაობას დაუბრუნდა. 1917 წელს სოხუმის ოლქში კავკასიის საგანგებო კომიტეტის (ОЗК) ერთ–ერთ რწმუნებულად დაინიშნა.

არზაყან ემუხვარის პოლიტიკურ–სახელმწიფოებრივმა მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბები შეიძინა 1917-1921 წლებში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ არსებითი ცვლილებები შეიტანა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918 წელს რუსეთში დაწყებული სამოქალაქო ომი სულ მალე ჩრდილოეთ კავკასიასაც მისწვდა და აფხაზეთს რუსეთიდან შემოჭრილი ბოლშევიკები დაეუფლნენ. აფხაზი მოსახლეობის ფართო ფენებში კი, არზაყან ემუხვარის მცდელობით, სულ უფრო მძლავრდებოდა დემოკრატიული მოძრაობა ლოზუნგით – “გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან”.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს აფხაზეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც 20 მარტს დაადგინა აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შესულიყო საქართველოს შემადგენლობაში. არზაყან ემუხვარმა ყველა ღონე იხმარა ამ დადგენილების მისაღებად. ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, ასევე იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში სიმამრთან გახიზნა. თვითონ კი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921-1922 წწ–ში სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პრაღაში გადავიდა და…

…იმ დღიდან დაიწყო საქართველოში ოჯახის წევრებისათვის წერილების, ღია ბარათებისა და ვიზების გაგზავნა… და უსაზღვრო მოლოდინის, იმედისა და იმედგაცრუების წლები…

1927-1933 წლებში არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა ქართულ კოლონიას პრაღაში. მეგობრობდა მიხეილ და ლიდია უბირიებთან და მათ ოჯახში პოულობდა სულიერ სიმშვიდეს.

1939 წლის მარტის დამდეგს, მეგობრების თხოვნით, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო, არზაყან ემუხვარი პარიზს გაემგზავრა. მას დიდი სიხარულით შეხვდნენ მეგობრები: აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, გრიგოლ ურატაძე და სხვები. პარიზში არზაყან ემუხვარი ყველასთვის მოულოდნელად 1939 წლის 24 მარტს სისხლის მოწამვლით კლოდ ბერნარის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს.

კონსტანტინე გამსახურდიამ არზაყან ემუხვარის ვაჟს, ვლადიმერ ემუხვარს წერილი მისწერა:

ჩემო პატარა ემუხვარო!

ჩემს ნაწარმოებში, “მთვარის მოტაცებაში” შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი, კეთილი აფხაზი არძაყან, იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი, ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ…

კონსანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცების” ერთ–ერთი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები