როგორ იქცა „ციხის ბაღი“ „ბოტანიკურ ბაღად“

თბილისი ძველთაგანვე განთქმული იყო ბაღებით. თბილისის სტუმრები ქალაქის აღწერისას აღტაცებით მოიხსენიებენ მათ. ერთი ასეთი ბაღი არსებობდა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ბოტანიკურ ბაღს უკავია. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე ამ ბაღებს „ციხის ბაღის“ სახელწოდებით აღნიშნავს. ბაღი კედლით იყო გარშემორტყმული. იგივე ბაღი თბილისის შემდგომ გეგმებზეც არის აღნიშნული.

თ. კვირკველიას წიგნში „ძველთბილისური დასახელებანი“ ვკითხულობთ, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბაღს „თბილისის სახაზინო ბაღი“ ეწოდა. შემდგომში იგი ამიერკავკასიის სოფლისა და მანუფაქტურული მრეწველობის წახალისების საზოგადოებას გადაეცა, 1845 წელს კი, ე.წ. თბილისის საცდელ ფერმას. სწორედ ამ დროს ეწოდა მას პირველად „ბოტანიკური“. 1846–1857 წლებში ბაღი რამდენჯერმე დაფარა ადიდებულმა წავკისწყალმა, ხოლო 1848 წელს ნარიყალაზე დენთის საწყობის აფეთქებამ დააზიანა. 1856 წლიდან ბაღი სასეირნო (Гулъбищный) ბაღად აქციეს. იმდროინდელი მოწმობით, აქ ეწყობოდა აღვირახსნილი ქეიფები და ნარგავების ძვირფასი ჯიშები ნადგურდებოდა. შემდგომში მასში განლაგდა მებაღეობის სასწავლებელი, 1861 წელს კი კვლავ დაუბრუნდა „ბოტანიკური ბაღის“ სახელწოდება. 1884 წელს ბაღი საბოლოოდ გადავიდა სახელმწიფოს გამგებლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები