იაშვილის კლინიკის ექიმები ჩვილის გადარჩენას ცდილობენ – ახალშობილი სასქესო ორგანოს გარეშე დაიბადა

შემთხვევა თბილისში. იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები ჩვილის გადარჩენას ცდილობენ. პატარა, რომელსაც სასქესო ორგანო არ აქვს, უკვე რამდენიმე დღეა დიალეზზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა არასაიმედოა.  ის ოჯახის პირველი შვილია. ჩვილი  საავადმყოფოში უკვე მონათლეს.
როგორც „კვირას“ ჩვილის დედამ განუცხადა, პატარა 17 ივლისს, ნაძალადევის რაიონში, N1 სამშობიარო სახლში დაიბადა. იგი 3 კილოს და 100 გრამს იწონიდა. ერთი კვირის განმავლობაში პატარამ წონაში მოიმატა და ამჟამად 3 კილოსა და 500 გრამს იწონის. დედის ინფორმაციით, ბავშვი  უკვე დიალეზზეა და ორივე თირკმელი გაეთიშა. ამ დრომდე ჩვილის მხოლოდ ერთი თირკმელი ფუნქციონირებდა.
„ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უიმედოა. ჩემს შვილს თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება. როგორც მითხრეს, საქართველოში ჩვილის თირკმლის შეძენა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. თურქეთში გვირჩიეს ბავშვის წაყვანა. ახლა გამოკვლევები უტარდება და შედეგებს სტამბოლის საავადმყოფოში გადავაგზავნით. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება“, – ამბობს ნათია.
როგორც „კვირას“ ჩვილის დედამ განუცხადა, ისინი ოჯახით გურიაში ცხოვრობენ, თუმცა, ორსულობის პერიოდში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისში იმყოფებოდა.
„ორსულობის პირველ თვეებში  რაღაც პრობლემები მქონდა, მაგრამ მერე ვიმკურნალე. მთელი ორსულობის პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმცა, ექოსკოპიური დათვალიერებისას ბავშვის სქესს ვერ ადგენდნენ, მეუბნებოდნენ, ბავშვი ისეთ პოზაშია, სქესი არ ჩანსო. ჩემთვის სქესს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირველი შვილია და სქესს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი“, – აცხადებს ნათია.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად გამოკვლევები უტარდება. მედიკოსები ჩვილის პათოლოგიას ნაწილობრივ გენეტიკას უკავშირებენ. თუმცა, დედა ამბობს, რომ  ასეთი ფაქტი მათ ნათესაურ კავშირში პირველი შემთხვევაა.
„კვლევები ჯერ არ  დამთავრებულა, თუმცა, ანალიზის პასუხებმა ცხადყო, რომ ადენოგენეტარულ სინდრომთან გვაქვს საქმე. მონოგენური დაავადება, როდესაც თირკმლის ზედა ჯირკვალზე არასწორი ფუნქციონირების გამო სასქესო ორგანოების არასწორი ფორმირება ხდება. ჩვილს სათესლე ჯირკვლები აქვს, მაგრამ სასქესო ორგანო – „პენისი“ არ აქვს. უროლოგმაც იგივე დაადასტურა. ასეთი პათოლოგია გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის სამი უმთავრესი ფაქტორია. სამივე ფაქტორი გენეტიკასთან არის კავშირში. ანალიზის პასუხის შედეგად გავიგებთ, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია პათოლოგია. ჩვილს იმხელა სათესლე პარკები აქვს, რომ შეიძლება ორსულობის პერიოდში ექოსკოპიური გამოკვლევის დროს სასქესო ორგანო გვერდითა ხედიდან არ გამოჩენილიყო. ამ ეტაპზე ქრომოსომებზე სინჯები არ გაგვიკეთებია, ანუ ამ ეტაპზე ბავშვს ქრომოსომები გოგოსი აქვს, თუ ბიჭის, უცნობია“, – ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ლალი მარგველაშვილი.
ჩვილის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი გახსნილია „თი-ბი-სი“ ბანკში: GE-42TB7003299365100011

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები