„მარია ბუენოს-აირესიდან” – „საქართველოს სინფონიეტამ“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს პრემიერა გამართა

თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს – „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დაესწრნენ.
ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოში პირველად დაიდგა. შემსრულებლები არიან „საქართველოს სინფონიეტა“- დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია), მთხრობელი – კარლოს კლაუმანსმოლერი (ესპანეთი). ქართველი და საერთაშორისო შემსრულებლების ერთობლივ წარმოდგენაში მონაწილეობენ მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ გოჩაშვილი, თორნიკე სახოკია, ლონდა კაცია, პაატა ვახტანგიშვილი და სხვები.
„მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი ერთადერთი ოპერეტაა. მისი პრემიერა ბუენოს-აირესში, 1968 წელს შედგა. ეს არის ისტორია ბუენოს-აირესში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო კაბარეები და ქალაქის ცენტრები, როგორ ამოწურა საბოლოოდ საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა.
ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში წარმოდგენები 9, 10 და 11 მარტსაც გაიმართება.
ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ – „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი – “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები