ტუსკი: აშშ ცვლის საკუთარ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თუმცა არ შეიძლება, რეალობა გვეწყინოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, აშშ ცვლის საკუთარ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს რეალობა გვეწყინოს.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-ის პოლიტიკის კორექტირება ხდება რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, მაგრამ მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს ამის უფლება აქვს.
„ჩვენ არ შეგვიძლია გვეწყინოს რეალობა. აშშ-ს აქვს უფლება ჩამოაყალიბოს თავისი სტრატეგიები, მაგრამ ყველა ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, აქვს უფლება და ვალდებულება ზუსტად შეაფასოს, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და რა შეიძლება, წარმოადგენდეს პრობლემას“, – თქვა ტუსკმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი არ ცვლის აზრს შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მჭიდრო კავშირების ფუნდამენტურ საჭიროებაზე.
ტუსკმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის პოლონეთის ინტერესებში, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს „პოლონეთის კონსენსუსის ნაწილი“.
„არაფერი შეცვლის ჩვენს მიდგომას და არაფერმა არ უნდა შეარყიოს იმედი, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ურყევია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ იმედზე დაყრდნობა“, – დასძენს პოლონეთის მთავრობის მეთაური.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ომის შემთხვევაში პოლონეთში ყველა ზრდასრული მამაკაცის სამხედრო მომზადების მოდელზე მუშაობს.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ ის რეკომენდაციას გაუწევს პოლონეთს გასვლას ორი კონვენციიდან, რომლებიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების და კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას.