„ადამიანი კომპიუტერი“ — შაკუნტალა დევის წარმოუდგენელი გონება

ზოგს მათემატიკა კარგად გამოსდის, მაგრამ შაკუნტალა დევის რთული გამოთვლების ამოხსნა კომპიუტერზე უფრო სწრაფად შეეძლო. არაჩვეულებრივმა ნიჭმა მას „ადამიანი კომპიუტერის“ ტიტული და გინესის რეკორდების წიგნში ადგილი მოუტანა.

1929 წელს დაბადებული დევის გენია ახალგაზრდა ასაკში აღმოაჩინეს. მისმა მამამ, ცირკის ოსტატმა შეამჩნია შვილში რიცხვების დამახსოვრებისა და გამოთვლების შესრულების უცნაური უნარი. სამი წლის ასაკში მას უფროსი სტუდენტებისთვის განკუთვნილი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეეძლო.

ყოველგვარი ფორმალური განათლების გარეშე, შაკუნტალამ მათემატიკური შოუების გამართვა დაიწყო. აუდიტორია განცვიფრებული ადევნებდა თვალს სანახაობას. ყველა გაოცებული იყო დიდი რიცხვების მყისიერად გამრავლებისა და გაყოფის უნარით. გოგონამ სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა, მოგზაურობდა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, სადაც საკუთარ უნარს წარმოაჩენდა.

1980 წელს მან გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც შეასრულა გამრავლების ოპერაცია — 7,686,369,774,870 × 2,465,099,745,779. ეს მან 28 წამში გააკეთა.

მისი ნიჭი არ იყო მხოლოდ გამოთვლის სიჩქარეში. მას შეეძლო, რამდენიმე წამში დაესახელებინა კვირის დღე ისტორიაში ნებისმიერი თარიღის კითხვის შემთხვევაში, რასაც მეცნიერები ახსნასაც ვერ უძებნიდნენ.

შაკუნტალა დევის გენიალურობა სცდებოდა მათემატიკას. ის იყო ავტორი, სოციალური აქტივისტი და ლგბტქ+ უფლებების დამცველი ინდოეთში. 1977 წელს მან დაწერა „ჰომოსექსუალთა სამყარო“, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წიგნი ინდოეთში, რომელშიც ჰომოსექსუალობა თანაგრძნობითა და გაგებით განიხილებოდა.

მან, ასევე, დაწერა წიგნები თავსატეხების, ასტროლოგიისა და სწრაფი მათემატიკის ტექნიკის შესახებ, რაც ხალხს რიცხვების შიშის დაძლევაში ეხმარებოდა.

შაკუნტალა დევი 2013 წელს, 83 წლის ასაკში გულისა და თირკმლის გართულებებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები