სტოლტენბერგი: რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ძალა არაერთხელ გამოიყენა, არ უნდა დავუშვათ, რომ მან ძალა ისევ გამოიყენოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენებს ძალას.

ამის შესახებ მან რიგაში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველთვის გვექნება ბერკეტები ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან. ვხედავთ, რომ რუსეთს მანამდეც გამოუყენებია ძალა ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ, საქართველოსა და უკრაინის მიმართ. მისი ჯარები იყო განთავსებული მოლდოვასთან. ამიტომ, აუცილებელია, დავუშვათ შესაძლებლობა, რომ რუსეთი ძალას კვლავ გამოიყენებს. იმედი გვქონდეს უკეთესი სცენარის განვითარების, თუმცა, მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის”, – თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო ყოველთვის ავლენს მზადყოფნას, დაიცვას მოკავშირეები.

“ნატო-ს 3 მოკავშირე შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოა; ნატო-ს 2 ახლო მოკავშირე უკრაინა და საქართველოა. რა თქმა უნდა, ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. მოუთმენლად ველი უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ჩვენი 2 ახლო პარტნიორის ამ რეგიონში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები