ბაჩო ახალაია სააკაშვილის გამო ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანის ფაქტს ეხმაურება. როგორც ახალაია ფეისბუქის გვერდზე წერს, აღნიშნულით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება შეუზღუდოს. ახალაია ივანიშვილს ემუქრება და აცხადებს, რომ ის ამ საქციელს მწარედ ინანებს.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანას ეხება. გასაგებია ივანიშვილის მცდელობა, შეასრულოს პუტინის დავალება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით შეუზღუდოს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. სწორედ ამიტომ, საქვეყნოდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს ძალიან მარტივად და გასაგებად, ვაძლევ გარანტიას, თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს, მწარედ ინანებს, ის ასეთი ქცევით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. ჯობია შეიგნოს, რომ წითელი ხაზი უკვე დიდი ხნის გადაკვეთილი აქვს, გაგრძელებას კი ნამდვილად არ ვურჩევ. მისთვისვე ჯობია, შეწყვიტოს მცდელობები ქართული სახელმწიფოს განადგურებისა“,- აღნიშნულია ახალაიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის მოწვევით გუშინ თბილისში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. მთავარი პროკურატურა გეგმავს, რომ მოწვეული სპეციალისტებისგან კონსულტანტთა ჯგუფი დააკომპლექტოს, რათა მაქსიმალურად იქნას გაზიარებული მათი გამოცდილება და გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები. უწყების განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოებისა და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები