ქართველი მოსწავლეები ოლიმპიადიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2014) საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გუნდი, 4 მოსწავლისა და 2 ხელმძღვანელის შემადგენლობით, საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაივანში, 13-20 ივლისს ჩატარდა.
აღნიშნული ოლიმპიადა საერთაშორისო დონეზე მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ოლიმპიადაა. მისი ძირითადი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. 2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებ გუნდს მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 17 ბრინჯაოს მედალი.
წელს მონაწილეებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 82 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზე გავიდნენ.
ნაკრები გუნდის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ სვანიძე – ოქროს მედალი (სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა);
2. გიორგი სხირტლაძე – ბრინჯაოს მედალი (შპს – ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი);
3. ელენე მაჩაიძე – ბრინჯაოს მედალი (სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა);
4. ნიკა ნადირაძე – (სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა).
საქართველოს ნაკრებ გუნდს ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი მანდარია – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი და ზაზა გამეზარდაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგნობრივი საერთაშორისო ოლიმპიადები ფიზიკასა და ქიმიაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრები გუნდი წელს პირველად მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები