ვიქტორ დოლიძე: საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მეტყველებს საქართველოს, როგორც მოწინავე ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობაზე

“ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი გველის, გამომდინარე რამდენიმე ფაქტორიდან: პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო და უკრაინა არიან ის პარტნიორი ქვეყნები რომლებიც მოიპატიჟა ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ. მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან. ეს თავისთავად მეტყველებს ნატო-ელი კოლეგების ფოკუსირებაზე ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე”, – ამის შესახებ ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ქართული მხარე ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან ელის ასპირანტ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთებას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ორი ძირითადი საკითხი იქნება განხილული- თანამედროვე საფრთხეები და გლობალური პრობლემები, საუბარი ასევე შეეხება პარტნიორების თემას, ხოლო პარტნიორი ქვეყნებიდან წარმოდგენილი იქნებიან საქართველო და უკრაინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის მნიშვნელობაზე. ვიქტორ დოლიძის თქმით, ქვეყანა აპირებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით და მომავალი წლის ნატოს სამიტი წლევანდელი მინისტერიალის ძალიან კარგი გაგრძელება იქნება.

ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, ის განცხადებები, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია- „ძალიან კარგი ფონი სდევს თან ამ მინისტერიალს, მაგალითად სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ასევე, თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს როგორც საქართველოს, ასევე, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას როგორც ნატო-სთვის, ასევე, გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები