არმაზ ახვლედიანი – „არ შეიძლება, არ გვიხაროდეს და მადლიერნი არ ვიყოთ იმისთვის, რომ თავად სახალხო დამცველი და მისი აპარატი სამართლის, კანონისა და საქართველოს ერთგულებით იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს”

„საქართველოში ისე ცოტა დარჩა ისეთი სივრცე, რომელსაც შეიძლება, დამოუკიდებელი უწოდო, დამოუკიდებელი პოლიტიკისგან, დამოუკიდებელი კონიუქტურისგან, დამოუკიდებელი უარყოფითი გავლენებისგან. არ შემიძლია განსაკუთრებულად არ ავღნიშნო, რომ საბედნიეროდ, ერთი-ორი ასეთი ინსტიტუცია საქართველოში ჯერ კიდევ დაგვრჩენია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

“აქა-იქ ყველგან, სასამართლოშიც, პროკურატურაშიც, პარლამენტშიც და ყველგან, ნებისმიერ ინსტიტუტში, მოიძებნება არაერთი წესიერი და პროფესიონალი ადამიანი, მაგრამ როდესაც სისტემა არსებითად არის დაზიანებული ერთი-ორი ადამიანის პატიოსნება და წესიერება საქმეს ვერ შველის ვერცერთ დროში და ვერცერთი ხელისუფლების დროს.

ამიტომაც, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ჩვენ საქართველოში დღეს გვაქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არ შეიძლება, არ გვიხაროდეს ამ ინსტიტუტის არსებობა. არ შეიძლება არ გვიხაროდეს და მადლიერნი არ ვიყოთ იმის გამო, რომ თავად სახალხო დამცველი, მისი აპარატის თანამშრომლები ასე მონდომებით, ასე ერთგულად, სამართლის, კანონის და საქართველოს ერთგულებით, იქცევიან და იღებენ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, მათ შორის, ამის ნათელი დასტური იყო გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები, განცხადებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა, იმიტომ რომ ის, რაც ხდებოდა მასთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვა, ვფიქრობ არის წარმოუდგენელი, სამარცხვინო ლაქა ჩვენ თანამედროვე, ქართულ ისტორიაში”, – განაცხადა ახვლედიანმა..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები