დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში გვაქვს მძიმე პანდემიური მდგომარეობა და სხვა გამოწვევები – პრემიერის განცხადებებიც სწორედ ამ აქცენტებით იყო გაკეთებული
„ქვეყანაში გვაქვს მძიმე პანდემიური მდგომარეობა, გვაქვს სხვა გამოწვევებიც და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. პრემიერის განცხადებებიც სწორედ ამ აქცენტებით იყო გაკეთებული”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე პრემიერმინისტრის ინიციატივებს გამოეხმაურა.
„აზარტული თამაშების საჭირო, მკვეთრი რეგულაციების შემოღება, როცა თამაშდამოკიდებული ადამიანები კიდევ უფრო ღრმა პროცესში შედიან და აზიანებენ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ პირებსაც; წამლის ხარისხისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა – წამალზე გაზრდილი ფასები ყველაზე მძიმედ აწევს მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხმარს ფარმაცევტულ პროდუქტს და მისი ფასები აბსოლუტურად შეუსაბამოდ იზრდება. რაც მნიშვნელოვანია, აქ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს და გაიზარდოს მედიკამენტების როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების ფონზე.
სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღება – გარკვეული პოზიტიური როლი ამ პროგრამამ ითამაშა, მაგრამ მან თავისი როლი ამ სახით უკვე ამოწურა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩავრთოთ საქმიანობაში. ეს ვფიქრობ, ორმაგად სასარგებლო იქნება სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც მიეცემა შანსი, რომ მეტი შენატანი შესძინონ საკუთარ ოჯახს და, ასევე, ეს იქნება სასარგებლო სახელმწიფოსთვისაც. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, რომ არ უნდა დავიჭიროთ – ჩვენ ეს განაცხადი დიდი ხანია, გავაკეთეთ და ნარკოტიკების მომხმარებლების დაჭერა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გავავრცელოთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.