შალვა კერესელიძე: ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია შეწყვეტილ და უფლებამოსილება შეჩერებულ საკრებულოებს და დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინა

„ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ლეგიტიმაცია შეწყვეტილ და უფლებამოსილება შეჩერებულ საკრებულოებს და დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინა, რაც პირველ რიგში, ძალიან დიდი შეურაცყოფაა ჩვენი მოქალაქეების და ადგილობრივი თვითმმართველობის”, – ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებისთვის სასათბურე პირობები შექმნა.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თვითმმართველობისთვის მთავარი ფისკალური დოკუმენტია, რომელიც უნდა დგებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ვგულისხმობ – სოციალურს, ეკონომიკურს, საგანმანათლებლოს, ინფრასტრუქტურულს და სხვადასხვა მიმართულებას.

ნაცვლად ამისა, თქვენ ამჯობინეთ, რომ საკრებულოებში ხელოვნურად შეგექმნათ კიდევ ახალი თანამდებობები, კიდევ უფრო სასათბურე პირობები შეგექმნათ ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატებისთვის და პრაქტიკულად, მმართველი ძალის ყველა დეპუტატს ჰქონოდა უფროსის ან მოადგილის სტატუსი და ადგილობრივი მოქალაქეები და მათ წინაშე არსებული პრობლემები, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვან პრობლემათა ნუსხაში არის ჩაწერილი”, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები