“ლელოს” ინიციატივა – პარტია მედიის 3 წლით გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს
“ლელო საქართველოსთვის” ინიციატივით, საქართველოში მედიასაშუალებები 3 წლით გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამ თემაზე დღეს სპეციალური ბრიფინგი პარტიის წევრმა, საბა ბუაძემ გამართა.
ბრიფინგზე ბუაძემ ონლაინ კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” არა აზარტული თამაშების პრობლემის მოწესრიგება, არამედ ამ გზით მედიაზე ზეგავლენის მოხდენა სურს.
“პირველ ყოვლისა, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და პანდემიით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები და სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ, ასევე, ამ ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელის ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და, მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული და “ლელო” აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხების სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.