ბადრი ჯაფარიძე: ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოებში უნდა ყოფილიყო კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ შემდგარიყო თანამშრომლობა „ქართული ოცნების” არჩეულ მერსა და ოპოზიციურ საკრებულოს შორის
„ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოებში უნდა ყოფილიყო კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ შემდგარიყო თანამშრომლობა „ქართული ოცნების” არჩეულ მერსა და ოპოზიციურ საკრებულოს შორის. ჩვენ ვნახეთ პირიქით – კვლავ ძალდატანება, კვლავ ხელების გადაგრეხვა, ათასგვარი მანიპულაციით და ხრიკებით თავისი ბიუჯეტის გაძვრენა. ამ დამტკიცებას შეიძლება, მხოლოდ ეწოდოს “სპეცოპერაცია ბიუჯეტის გაძვრენის მიზნით”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს იმ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციური უმრავლესობაა ხალხის მიერაა არჩეული.
მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.
„ხალხმა უარი უთხრა ძველ საკრებულოებს და აირჩია სწორედ იმის გამო ახალი საკრებულო, რომ არ მოსწონდა წინა შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებმა მაინც უნდა იცხოვრონ იმ შეხედულების მიხედვით, რომელიც გააჩნია უკვე გადარჩეულ საკრებულოს, მაშინ რაღა აზრი აქვს არჩევნებს? სწორედ ამას უნდა დავუპირისპიროთ ის, რასაც ჰქვია საღი აზრი, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვენახა თუ როგორ შეიძლება ქართული ოცნების მერმა იმუშაოს ოპოზიციურ საკრებულოსთან და მუშაობის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ ხელების გადაგრეხა. ეს საკრებულო ხომ არ გაქრება? ეს საკრებულო იქ იქნება და როგორ უნდა იმუშაოს მერმა საკრებულოსთან ნორმალურად, კონსტრუქციულად, როდესაც თავს მოახვიეს ის ბიუჯეტი, რომელსაც შესაძლოა ამ საკრებულოს მხარი არ დაეჭირა და აბსოლუტური უფლება ჰქონდა არ დაეჭირა.
ჩვენ ვნახეთ კარგი მაგალითი, თუ როგორ არაკონსტრუქციულად და კონფრონტაციულად მოიქცა ქართული ოცნება, როდესაც გააძვრინა ძალის, ხელების გადაგრეხვის გზით ბიუჯეტები და ამ პროცესში, სამწუხაროდ, გამოიყენა ცესკო-ს თავმჯდომარეც, იმიტომ, რომ ცესკოს სხდომის გაწელვა მოხდა მიზანდასახულად, 25 ნოემბერს ჩაინიშნა ცესკოს სხდომა 13 ნოემბრის შემდეგ სწორედ იმ მიზნით, რომ გასულიყო ვადა ბიუჯეტებში შენიშვნების შეტანის კუთხით და კანონში არსებული ხვრელი, რომ წარმავალ საკრებულოს დაემტკიცებინა ბიუჯეტი, წარმატებით იქნა გამოყენებული „ქართული ოცნების” მიერ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების” მხრიდან არგუმენტად იმის მოყვანა, თითქოს, განზრახული ჰქონდა ახალ საკრებულოს ბიუჯეტის ჩაგდება და ამის გამო ვერ იმუშავებდა აღმასრულებელი ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში, ეს არის სპეკულაცია.