მაკა ბოჭორიშვილი – „ევროპარლამენტში განსაკუთრებული ინტერესია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან რეგულარული დიალოგი და თანამშრომლობა გვქონდეს”
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირლანდიაში, ლიეტუვასა და სტრასბურგში განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა შეაფასა.
„საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტის მიზანი იყო საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის მოწვევით გახლდით. ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეს. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.
საქართველოს გეგმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით ირლანდია ნამდვილად გახლავთ საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ევროპული ფასეულობების მოზიარე ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში. ირლანდიელი კოლეგების მხრიდან მოვისმინეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადებითი შეფასებები და მზაობა, რომ ევროინტეგრაციის რთულ პროცესში იყვნენ საქართველოს მხარდამჭერები და დაგვეხმარონ შემდგომი რეფორმების განხორციელებაში, რაც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონიმიკური ინტეგრაციისთვის.
სტრასბურგში გამართული ვიზიტი რამდენიმე მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი! ირაკლი კობახიძესთან ერთად გავმართეთ შეხვედრები როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ასევე ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. მოგეხსნებათ ევროპარლამენტში არის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან გვქონდეს რეგულარული დიალოგი და თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დიდწილად ვისაუბრეთ საქართველოს სამომავლო დღის წესრიგზე და პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის წინსვლას. სტრასბურგში, ასევე გავმართეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციები.
აღსანიშნავია, რომ ეს დღეისთვის გახლავთ ერთადერთი ინსტიტუციური ფორმატი, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად მსჯელობს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა, სადაც როგორც ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლიეტუველი კოლეგის მიერ იყო მიწვეული. „ლიეტუვა საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ქვეყანაა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. შესაბამისად ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთერთპატივისცემასა და ჩვენს საერთო ინტერესებზე. შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირში ინტეგრაციის და უსაფრთხოების საკითხებს. მოველით, რომ ამ მიმართულებით გვექნება ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, რაც კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენს მეგობრებთან ყველაზე მნიშნველოვან საკითხებზე სტრატეგიული კავშირების გაძლიერებისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.