დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” საქართველოს გუშინდელი დღეა, ცუდი მოგონებებით

“მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით და ამას სასამართლო განსჯის”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა მიეცეს.

„სააკაშვილი და მისი პარტია დესტრუქციული ქმედებებით აჟიოტაჟს და შესაძლოა, შანტაჟსაც კი შეეცდება, რომ ქვეყანა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ამყოფოს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და, ბუნებრივია, ამას გვერდს ვერ ავუვლით. თუმცა, შეგვიძლია, მათი მიზნები რეალობად არ ვაქციოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ხალხს მივცემთ მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას. მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმითი, თავისი ელემენტებით, მოაწყო შიმშილობა ციხეში და მჯერა, ასეთივე დაგეგმითი ელემენტებით გვაყურებინებს მის სასამართლო პროცესს ბოლომდე. არადა, მისი გამოსვლიდანაც ჩანდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა, აღიარების არავითარი განწყობა მას არ აქვს და ის თავს არიდებს იმ ბრალდებებზე საუბრისგან, რისთვისაც სასამართლო პროცესი იმართება და ის ცდილობს, პოლიტიკური სცენისთვის გამოიყენოს სასამართლო დარბაზი. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაჰყვებით მათ ამ თამაშში, თორემ ქვეყანა დაემსგავსება ერთ დიდ სცენას. რა განაჩენიც  უნდა დადგეს ამ კონკრეტულ საქმეზე, სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წელი და ის ამ სასჯელს აუცილებლად მოიხდის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მოსახლეობასაც, მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით. ამას სასამართლო განსჯის. ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ელის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები