„როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, სააკაშვილს არ აქვს იმის განცდა, რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი“ – ნანა კაკაბაძე
“გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს იმის განცდა, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაკაბაძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი სასამართლო პროცესი პიარგამოსვლისთვის გამოიყენა.
„რა აჩვენა გუშინდელმა დღემ: პირველი, რაც ყველაზე თვალშისაცემი და მძიმედ აღსაქმელი იყო, არის ის, რომ არც სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს იმის განცდა, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლა პირდაპირ იყო განაცხადი იმისა, რომ დიახაც, რაც გავაკეთე – სწორი იყოო. თურმე, ყოფილა აღმშენებლობა, ქვეყნის წინსვლა. მას არანაირ მონანიება არ აქვს არავის წინაშე, მათ შორის, არც ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების, არც გირგვლინის ოჯახის წინაშე. ამაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. პირიქით, თქვა – ეს პიარსაქმე იყოო, რითაც მთლიანად ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილებზე, გირგვლიანსა და მის დედაზე. ეს რეალობა დავინახეთ. აქვე არ შეიძლება, არ აღვნიშნო მსჯავრდებულ და ბრალდებულ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს დამოკიდებულებაც. მოვისმინეთ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საქმესთან კავშირში. მიუხედავად პროკურტურის მოთხოვნისა, მოსამართლემ თავისი უფლება-მოსილება არ გამოიყენა და არ შეაჩერებინა ის ცრუ რიტორიკა, რომელსაც სააკაშვილი საათ-ნახევრის განმავლობაში ეწეოდა. სააკაშვილის არცერთი წინადადება საქმეს არ ეხებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მან გამოიყენა პირად ტრიბუნად, რომ საზოგადებისთვის და თავის მომხრეებისთვის მიემართა. როცა პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რათა მოსამართლეს სააკაშვილის არასაქმიანი გამოსვლა შეეჩერებინა,
მოსამართლემ მოიშველია ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი პროცესი ჩავატარეთ და მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და ახლა ვაძლევთ ამის საშუალებასო. ჯერ ერთი, ეს საშუალება არავის წაურთმევია მისთვის, ეს მისი არჩევანი იყო, როცა ის იმალებოდა და ქართულ მართლმსაჯულებას თავს არიდებდა. ის ამ შესაძლებლობას თავის ნებით არ იყენებდა. ისევე, როგორც მან საქართველოს მოქალაქეობაზე თავის ნებით თქვა უნარი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლე ფიქრობდა, რომ გამოტანილი განაჩენის შემთხვევაში თავად განსასჯელისგან ინფორმაცია არ იყო ამომწურავად მიღებული, მას უნდა მიეცა ამის საშუალება, მაგრამ, საქმის ირგვლივ და არა პიარის ირგვლივ, რასაც სააკაშვილი აწარმოებდა. ამას სრულიად საქართველო უსმენდა, ასევე, მას უსმენდნენ ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის ჯოჯოხეთი, ციხეები, სასამართლოები გამოიარეს, მათ კარგად იციან, რა და როგორ ხდებოდა, მათ ასმენინეს ის უტიფრობა, როცა სააკაშვილი აღმავლობასა და აღმშენებლობაზე საუბრობდა“, – განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო.
„ამბობდა, მე ვარ გმირი და მე შევქმენი ქართული სახელმწიფოო. მოსამართლეს უნდა ეგრძნო, რომ ეს ქართველი ხალხის, საქართველოს ისტორიის, ჩვენი დღევანდელობის შეურაცხყოფა იყო.
ამ პროცესს მოსამართლემ ხელი არ შეუშალა. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, ბულინგის შედეგი იყო, რომელსაც ე.წ. ჟურნალისტები, ანუ პოლიტიკური მხარეები, სასამართლოს წინააღმდეგ ეწეოდნენ. მოსამართლე ამ ფორმით, ეტყობა, ლანძღვა- გინების არიდებას შეეცადა. სამართლებრივი გზები ამასთან დაკავშირებითაც არსებობს, რომ ასეთი ადამიანები დარბაზში არ შეუშვა, გააძევო.
ვფიქრობ, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო.
ამ პროცესმა მრავალმხრივი პრობლემები აჩვენა. ამ დღემ ის საკანონმდებლო ხარვეზებიც გამოამჟღავნა, რაც ქვეყანაშის სხვადასხვა მიმართულებითაა. თუნდაც ადვოკატთან მიმართებით. ჩვენ ადვოკატის პოზაში ნიკა გვარამია ვიხილეთ, რომელიც სწორედ ამ სისხლიანი რეჟიმის დროს ერთერთი მთავარი ფიგურა, პროკურორი, ადეიშვილის მოადგილე იყო. იმავდროულად ეს ადამიანი გუშინ წარმოგვიჩნდა, როგორც ადვოკატი. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილის საკანონმდებლო ცვლილებები ამას ითვალისწინებდა და პროკურორს ამის უფლება ჰქონდა. ადამიანს უნდა და ერთ დღეს პროკურორი იქნება, მერე – ჟურნალისტი, მერე კი – ადვოკატი. მისმა ამ სტატუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ადვოკატობასაც. გვარამია თანამონაწილე იყო იმ და ნაშაულებებისა, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი ჩადიოდა.
სამწუხაროდ, რეჟიმის გასამართლება არ მოხდა, ამან შვა ბევრი პრობლემა, რასაც გუშინ ვუყურებდით. სააკაშვილს მიეცა იმაზე საუბრის უფლებაც კი, რომ, თურმე, რა დააშავა, მხოლოდ შეიწყალა მსჯავრდებულები. არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ პარლამეტში 1 დღეში 4- ჯერ შეცვალა კანონი იმისათვის, რომ მკვლელებისთვის შეწყალება მოერგო.
მოსამართლე ამ ბოროტ მიუნჰაუზენის იმის საშაუალებს აძლევდა, რომ საზოგადებისთვის ათასნაირი ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.
ასევე, ძალიან აღმაშფოთებელია ის ფაქტი, როცა ვუყურებთ სააკაშვილს, რომელიც გორის კლინიკიდან, როგორც მძიმე ავადმყოფი, გამოიყვანეს. ამას ხომ პატიმრებიც უყურებენ? კაცს საათ-ნახევარს ენა ვერ გააჩერებინეს. ასეთი ჯანმრთელი ადამიანი არის საავადმყოფოში, ასეთი უმძიმესი დანაშაულებით. ეს ადამიანი ასეთ არაადეკვატურ პირობებშია ჩაყენებული”, – განაცხადა კაკაბაძემ.