ირაკლი ზარქუა: გუშინ სააკაშვილი ზღაპრებს ჰყვებოდა, არანაირი სინანულის გრძნობა მას არ გააჩნია
“მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია, დანაშაულებს, ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხის წამებებს შეცდომად მიიჩნევს და ზოგ შემთხვევაში თავი აარიდა ყველაფერს და გადააბრალა ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ხერხემალს უწოდებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნა არასდროს განუხორციელებია.
„გირჩევდით და საკუთარ თავსაც ვურჩევდი, რომ ამ ადამიანს შევეშვათ. გუშინ სააკაშვილი ზღაპრებს ჰყვებოდა და თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, შეუძლია, იჩივლოს და საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს. ამას არ აკეთებს, რადგან აპრიორში იცის, რომ დასავლეთის სასამართლოც იმავეს მიუსჯის. ნიკოლა სარკოზის მისჯილი ჰქონდა და ახლაც იხდის. საფრანგეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც მეუღლე ფიქტიურად დაასაქმა, ხუთი წელი მიუსაჯეს. წარმოგიდგენიათ, სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ, მის მუხლებს კი ამნისტია შეეხო და ექვსი წელი გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა არასდროს განუხორციელებია და ამის დასტურია სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც დადანაშაულებულ იყო გირგვლიანის საქმეზე. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ“, – განაცხადა ზარქუამ.