ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, სამივე პრეზიდენტის შეხვედრა ასოცირებულ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი აღიარებაა
“ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა”, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
„2 კვირაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია და აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ერთი მხრივ, სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ისაუბრონ იმ მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა მათი ამბიციების ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კონტექსტში“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, დღეს ბრიუსელში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გამართავს.