გიორგი ცუცქირიძე: სააკაშვილის სასამართლო არის მთავარი ტესტი დღევანდელი ხელისუფლებისათვის

სააკაშვილის სასამართლო არის მთავარი ტესტი დღევანდელი ხელისუფლებისათვის, მან სულ მინიმუმ არ უნდა წააგოს საინფორმაციო ომი და სასამართლო პროცესიც მიიყვანოს ბოლომდე ყოველგვარი ექსცესების გარეშე, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, სააკაშვილი ორ რამეს ცდილობს, კერძოდ, პროცესი გადაიყვანოს საინფორმაციო ომის ფორმატში და პოლიტიკური დღის წესრიგით შექმნას მზარდი საპროტესტო მუხტი ვადამდელზე გასვლით.

როგორც ექსპერტი განმარტავს, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი თუ როგორი იქნება და დატოვებს თუ არა უსამართლობის განცდას, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში.

“როგორც ჩანს, ბოლო წლების პოლიტიკური პროცესების ფინალური აქტი თამაშდება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობით დაიწყო. ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული საბოტაჟირებული ბოიკოტი, თანმდევი პერფომანსებით, და თვითმართველობის არჩევნების წინა პროცესი, ვადამდელის მოთხოვნის რეფერენდუმად ქცევით, მხოლოდ რეპეტიცია იყო.

სააკაშვილი, რომ არ შეცვლილა დღესაც გამოჩნდა, მან კვლავ შემოგვთავაზა ყველა ის ვერსია, რაც აქამდეც ვიცოდით როგორც უახლოესი ისტორიის შემოქმედისა. ბრალსაც ბუნებრივია, არც ერთ წაყენებულ ბრლდებაზე არ აღიარებს. ვფიქრობ, იგი ცდილობს ორ რამეს, პროცესი გადაიყვანოს საინფორმაციო ომის ფორმატში, მისი დღევანდელი სიტყვაც ამას ადასტურებს, პროცესი გაწელოს მაქსიმალურად, და გამოიყენოს პიარისათვის, და მეორე, პოლიტიკური დღის წესრიგით შექმნას მზარდი საპროტესტო მუხტი, ვადამდელზე გასვლით, რისთვისაც მხარდამჭერი მედია იქნება გამოყენებული საინფორმაციო ბადითაც და სტუდიური საექსპერტო ფორმატითაც.

ბუნებრივია, სრულიად საპირისპირო ამოცანის წინაშე დგას “ქართული ოცნება”. სწორედ, სააკაშვილის სასამართლო არის მთავარი ტესტი დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მან სულ მინიმუმ არ უნდა წააგოს საინფორმაციო ომი და სასამართლო პროცესიც მიიყვანოს ბოლომდე ყოველგვარი ექსცესების გარეშე, როდესაც თუნდაც ციხის გადაყვანის მსგავსი ინციდენტები იქნება თავიდან აცილებული.

აქ გამოჩნდება თვისობრივად რამდენად შეიცვალა ყოფილი პრეზიდენტის დროინდელი პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო, რამდენად წარმატებულია სასამართლო და მართლმსაჯულების რეფორმა, რომლის მიმართ პრეტენზიები კვლავ არსებობს შინ თუ გარეთ, რადგან სასამართლო პროცესს გამადიდებელი შუშით დააკვირდება ბრიუსელიც, ვაშინგტონიც და ბუნებრივია, სტრასბურგიც!

დღევანდელმა პირველმა სხდომამ აჩვენა, რომ ოპოზიციის მხრიდან ცალკეული, პროვოკაციულ ზღვარზე დასული პერფომანსები მომავალშიც იქნება, როგორც ამ პროცესის თანმდევი და მედიაში კარგად გაყიდვადი პროდუქტი.

სასამართლო სხდომას რაც შეეხება, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსამართლეთა შემადგენლობა ცდილობდა ბრალდებულის უფლებები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, მათ შორის სიტყვით გამოსვლის უფლებაც. დარწმუნებული ვარ, მომავალი სხდომებიც ანალოგიურ ფორმატში გაგრძელდება და პროცედურული მხარეც გამართული იქნება.

რაც მთავარია, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი თუ როგორი იქნება, და დატოვებს თუ არა უსამართლობის განცდას, ამაზე იქნება დამოკიდებული დიდწილად თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში.

იმედია, ქართული რეფორმირებული სასამართლო, ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს, თორემ, მისი მომხრეები კვლავ იგივე აზრზე დარჩებიან მასზე და მის როლზე, რა აზრისაც დღემდე იყვნენ, ისევე როგორც მისი მოწინააღმდეგეები დარჩებიან საპირისპირო აზრზე, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები