რისთვის დააკავა ვანო მერაბიშვილმა ბაჩო ახალაიას მეუღლის ძმა?

ბაჩო ახალაიას მეუღლის ძმა ვალერიან ნადარეიშვილი, რომელიც ამჟამად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული, წარსულში ნასამართლევია. ვალერიან ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ივანე მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს დააკავეს. მან სასჯელაღსრულების სისტემის საპატიმროში 6 თვე გაატარა – ამის შესახებ ინფორმაციას ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსის სახით აქვეყნებს.
„ჩემი ძმა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს იყო დაპატიმრებული. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებ განმარტებას: ჩემი ძმა არის წოდებით პოლკოვნიკი, იარაღების კოლექციონერი, სროლაში არაერთგზის ჩემპიონი, ეს არის მისი ცხოვრების ჰობი… მან დაუდგენელი პირისგან შეიძინა გაუფორმებელი იარაღი, რა დროსაც ოპერატიული ინფორმაციით იგი დააკავეს და სასამართლომ მას მიუსაჯა 6 თვე პატიმრობა, რაც მან მოიხადა გლდანის ციხეში. ნასამართლობა გაუქარწყლდა 2013 წელს. ახლა აქ მე ვსვამ კითხვას! რა უნდა ექნა სახელმწიფოს? რადგან ბაჩო ახალაიას ცოლისძმა იყო, ან რადგან თამაზ ნადარეიშვილის შვილი იყო, არ უნდა ეგო პასუხი კანონის წინაშე? არც კომფორტით უსარგებლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გლდანის ციხეში იჯდა სხვა 3 პატიმართან ერთად, რატომღაც ბაჩომ მას ვერ შეუქმნა “პრივილეგირებული პირობები”, თურმე მარტო სხვებს უქმნიდა, როგორც პროკურატურა უტიფრად გვიმტკიცებს და რაზეც ახლა ბაჩო ზის წინასწარ პატიმრობაში“, – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები